საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება
სპეციალისტებმა მხატვრობა სოციალურ ქსელში ფოტომასალის გავრცელების შემდეგ დამატებით შეამოწმეს. სააგენტო საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების გეგმაზე მუშაობს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყების ცნობით, დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა მხოლოდ ის დაზიანებები აღრიცხეს, რომლებიც მანამდეც იყო ცნობილი.
სააგენტოს განცხადებით, მისი სპეციალისტები მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებენ. უწყებამ მხატვრობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ცნობას მცდარი უწოდა და მისი გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობად შეაფასა.
სააგენტოს ინფორმაციით, უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესასწავლად საქართველოში იტალიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. მათ კვლევები ჩაატარეს და დასკვნა მოამზადეს. უწყება ამჟამად მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც მონასტრის კედლის მხატვრობის კონსერვაცია და რესტავრაცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო.
