პაპუაშვილი: ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მოინათლა ვიდრე აქციაზე გამოვიდა
პარლამენტის თავმჯდომარემ ზემო აჭარაში გამართული ნათლობა თბილისში ჩატარებულ აქციას შეადარა და აქციის მონაწილეები მწვავედ გააკრიტიკა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზემო აჭარაში გამართულ საყოველთაო ნათლობას გამოეხმაურა და თბილისში ჩატარებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.
პაპუაშვილის განცხადებით, აჭარაში ყოფნისას იგი დაესწრო ნათლობას, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა — ბავშვები და ზრდასრულები — მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ზემო აჭარაში მონათლულთა რაოდენობა თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა რაოდენობას სამჯერ აღემატებოდა.
„ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა აქციის მონაწილეები „ფსევდორელიგიურ სექტად“ მოიხსენია და მათ საქართველოს ეკლესიის საზოგადოებრივი სივრციდან ჩამოშორების მცდელობაში დასდო ბრალი. მისი შეფასებით, მათ სურთ ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალის მოსვლა, რომელიც უცხო ქვეყნების ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალა“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში გამართული შეკრება და ზემო აჭარაში ჩატარებული ნათლობა ერთმანეთს შადარა. მისი თქმით, დედაქალაქში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა აქციაში, ხოლო ზემო აჭარაში „ნამდვილი რწმენით შეკრებილი“ ადამიანების რაოდენობა სამჯერ მეტი იყო. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს ორი მოვლენა საზოგადოების განწყობების თვალსაჩინო გამოხატულება იყო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პაპუაშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ ევროკავშირის „თავდასხმები“ საქართველოსთვის წითელი ხაზია.
