გუშინ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მრევლს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს კი ახალი სასწავლო წლის დაწყება და სწავლაში წარმატებები უსურვა.
14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა.
ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღასრულა.
უწმინდესს თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე; ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე; ბელგიისა და ჰოლანდიის მიტროპოლიტი დოსითეოზი; მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონი დემეტრე; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და სხვა სასულიერო პირები.
პარაკლისის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა, საეკლესიო ახალი წელი მიულოცა და უფლის შეწევნა, მადლი და მშვიდობა უსურვა.
უწმინდესმა განსაკუთრებული დალოცვა მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადასცა, მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა.
საეკლესიო ახალი წელი ქრისტიანული ცხოვრების განახლებისა და სულიერი განმტკიცებისკენ მოწოდებას უკავშირდება. ეს არის ახალი დასაწყისი უფლისადმი მსახურებაში, კეთილ საქმეებში წინსვლასა და ქრისტიანული ცხოვრების გზაზე კიდევ უფრო განმტკიცებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა პარაკლისი აღასრულა.