7 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი 13:31
126
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. ფოტო: ღია წყარო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. ფოტო: ღია წყარო

საქართველოს ეკლესიის მეთაური, ეროვნული და ეკლესიური დამოუკიდებლობის დამცველი სასულიერო პირი 1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა.

7 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საზოგადოება კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას დაბადების დღეს იხსენებს. იგი 1861 წელს, ილორის ეკლესიის მღვდელ ზოსიმე ხელაიას ოჯახში დაიბადა.

ბესარიონ ხელაიამ, მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, განათლება ოჩამჩირის სამრევლო სკოლაში, მარტვილის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო. 1887 წელს იგი სოხუმის საკათედრო ტაძრის დიაკვნად აკურთხეს, იმავე წელს კი სოჭის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.

1890-იან წლებში მამა ბესარიონი აქტიურად მოღვაწეობდა სოხუმის ეპარქიაში. იგი ებრძოდა აფხაზეთში ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას და ქართული ენისა და ეკლესიური თვითმყოფადობის დაცვას ცდილობდა. 1897 წელს მან სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. 1900 წლის 11 თებერვალს ბერად აღიკვეცა და ამბროსის სახელი მიიღო.

1902 წელს ამბროსი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. სწორედ ჭელიშის მონასტერში მან აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის“ მანამდე უცნობი, შატბერდულზე უფრო ვრცელი ხელნაწერის ვარიანტი. მოგვიანებით იგი აქტიურად იკვლევდა საქართველოს ეკლესიისა და ისტორიის საკითხებს და აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს.

რუსიფიკაციის წინააღმდეგ მისი საქმიანობის გამო ამბროსი რამდენჯერმე გადაასახლეს რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ეპარქიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. იგი აქტიურად ჩაერთო ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის დროებითი გამგეობის მუშაობაში. 1917 წლის საეკლესიო კრებაზე ამბროსი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს და ჭყონდიდის ეპისკოპოსად დაამტკიცეს, მოგვიანებით კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად აირჩიეს.

1921 წლის სექტემბერში, გელათში გამართულ საქართველოს ეკლესიის მესამე ადგილობრივ კრებაზე, ამბროსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღეს, გაიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვის მხარდამჭერი იყო. 1922 წლის 7 თებერვალს მან გენუის საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას მიმართა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა და ქვეყნისთვის საკუთარი სახელმწიფოებრივი განვითარების შესაძლებლობის დაბრუნება მოითხოვა.

მემორანდუმმა საბჭოთა ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. ამბროსი დააპატიმრეს, ხოლო 1924 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე მას შვიდი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. მიუხედავად ზეწოლისა, მან გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მიმართვა არ უარყო და საკუთარი პოზიცია არ შეცვალა.

1925 წლის 10 მარტს ამნისტიის საფუძველზე კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი პატიმრობიდან გათავისუფლდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. იგი 3 აპრილს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

ამბროსი ხელაიას ცხოვრება დაკავშირებულია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის, ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისთვის ბრძოლასთან. მისი მოღვაწეობა განსაკუთრებით გამორჩეული იყო როგორც საეკლესიო, ისე ეროვნული საკითხების დაცვით. კათოლიკოს-პატრიარქის სახელთან დაკავშირებულია საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პრინციპული პოზიცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის საერთაშორისო დონეზე დაყენება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 7 სექტემბერს ეკლესია წმინდა მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას ისენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ