ღირებულებითი განათლების ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე 10 ეპარქიის სასულიერო პირებმა ღირებულებითი განათლების მიმართულებით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.
4 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.
სერტიფიკატები გადაეცათ ნეკრესის, ალავერდის, ჰერეთისა და ხორნაბუჯის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის, გორისა და ატენის, სურამისა და ხაშურის, ვანისა და ბაღდათის, სამთავისისა და კასპის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის, ასევე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიების სასულიერო პირებს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მისმა მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მენეჯერმა ანი კუდუხაშვილმა.
ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ სასულიერო პირებისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე – „ბავშვის განვითარების ეტაპები“.
ღონისძიება ღირებულებითი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შეჯამებასა და სასულიერო პირების მიერ გაწეული საქმიანობის დაფასებას ემსახურებოდა.
მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასულიერო პირებს სკოლებში მოსწავლეებთან ეფექტიან მუშაობაში, ჯანსაღი ღირებულებების დამკვიდრებასა და ბავშვების პიროვნული განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.
სასულიერო პირებს სერტიფიკატების მიღებას ვულოცავთ და მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ.