31 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსს მოიხსენიებს

31 აგვისტო 09:52
96
ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი

XII საუკუნის ქართველი მოღვაწე, წმინდა წერილისა და აღმოსავლური ენების მცოდნე მამა ქრისტოდულე ქრისტიანული სარწმუნოების დამცველად და ცნობილ ფილოსოფოსად არის მოხსენიებული.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 31 აგვისტოს ღირს მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსს მოიხსენიებს. იგი XII საუკუნის იმ წმინდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სულიერმა ღვაწლმა და მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ეკლესიისა და ერის ისტორიაში.

ღირსი მამა ქრისტოდულე ცნობილი ყოფილა როგორც მონაზონი, ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. ისტორიული ცნობების თანახმად, იგი წარჩინებულ და კეთილშობილ გვარს ეკუთვნოდა, თუმცა საერო დიდებას განეშორა და მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი.

ქრისტოდულე განსაკუთრებით გამოირჩეოდა საღვთო წერილის ღრმა ცოდნით. იგი ფლობდა არაბულ და სპარსულ ენებს და კარგად იცნობდა ყურანს, რაც მას საშუალებას აძლევდა, ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად არაქრისტიანულ მოძღვრებებთან პოლემიკაში შესულიყო.

საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ შემონახულია ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, სახელწოდებით: „ჴსენებაჲ სიტყვისგებისაჲ და სასჯელისაჲ სჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“. სწორედ ამ თხზულებაში მოთხრობილი ამბავი გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს ღირსი ქრისტოდულეს მოღვაწეობის შესახებ.

ამ ცნობებს ავსებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, სადაც ასევე არის მოთხრობილი „მამისა ქრისტოდულე ოსად წოდებულისათჳს“.

გადმოცემის თანახმად, საქართველოში სპარსთა ხელმწიფე იამამე შემოიჭრა. იგი თბილისში უომრად შეუშვეს, რის გამოც ხელმწიფემ ქართველთა მიმართ კეთილგანწყობა გამოიჩინა და მრავალ ადამიანს სხვადასხვა საბოძვარი უბოძა.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს იამამემ ქართველთა და სარკინოზთა შეკრება მოაწყო. შეკრებილთა შორის იმყოფებოდა ქართველი ბერი ქრისტოდულეც. სწორედ აქ გაიმართა მასსა და სარკინოზთა წარმომადგენლებს შორის სარწმუნოებრივი პაექრობა.

თავდაპირველად ქრისტოდულეს თავად იამამე შეეკამათა, თუმცა ბერის არგუმენტებს ვერ გაუმკლავდა. შემდეგ მას კამათში ჩაენაცვლა მოგვი და ვარსკვლავთმრიცხველი, თუმცა ვერც მან შეძლო ქრისტოდულესთან პაექრობაში გამარჯვება. ამის შემდეგ სარკინოზებმა მოიხმეს კიდევ ერთი სწავლული, რომელიც „სიტყჳს მეცნიერად“ მიიჩნეოდა და რომელსაც ქრისტიან ბერთან კამათისთვის უფრო მეტად მომზადებულად თვლიდნენ.

პაექრობის მთავარი საკითხები ქრისტიანული ბერმონაზვნობის არსს, იესო ქრისტეს ღვთაებრიობასა და განკაცებას, ასევე მუჰამედის წინასწარმეტყველების საკითხს შეეხებოდა.

ქრისტოდულე საკუთარი მოსაზრებების დასამტკიცებლად როგორც წმინდა წერილს, ისე ყურანს ეყრდნობოდა. საბოლოოდ, მან მოწინააღმდეგეებს სძლია და ისინი „შეკდიმებულ და სირცხვილეულ“ დარჩნენ.

ღირსი მამა ქრისტოდულეს მოღვაწეობის შესახებ ცნობები მოგვიანებითაც გვხვდება. მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის ცნობილ ნაშრომში „მიმოსვლა“ ათონის მთაზე მოგზაურობისას ქართველ მოღვაწეთა შესახებ წერს და მათ შორის მოიხსენიებს „იმერელს, საქარელს ხრისტოდულოს“.

ტიმოთე გაბაშვილი ქრისტოდულეს ასევე კუნძულ პატმოსზე იხსენიებს. პატმოსზე მოგზაურობის აღწერისას იგი წერს: „და იყო მთლივ გვამი წმიდისა ხრისტოდულოსი მუნ“.

აღნიშნული ცნობების საფუძველზე არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში მოღვაწეობის შემდეგ ღირსი მამა ქრისტოდულე ათონის მთაზე გაემგზავრა, სადაც ქართველთა მონასტერში განაგრძო მოღვაწეობა, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელი წლები კუნძულ პატმოსზე გაატარა და იქვე აღესრულა.

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსის ცხოვრება და მოღვაწეობა ქართული სულიერი და ინტელექტუალური ტრადიციის მნიშვნელოვან მაგალითად მიიჩნევა. იგი ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულებას, საღვთისმეტყველო ცოდნასა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში ქრისტიანული მოძღვრების დაცვის მაგალითს წარმოადგენს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 აგვისტოს ღირს მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 27 აგვისტოს მიტროპოლიტი იობი ლიტურგიას ორხევის მამათა მონასტერში აღავლენს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ