დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: ,,ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა''

29 აგვისტო 13:59
162
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

სასულიერო პირი პატრიარქ შიოს ქადაგების ირგვლივ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და განმარტავს, რომ ეკლესიის სწავლება მკურნალობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ადამიანის სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებასა და გარდაცვალების პროცესის ბუნებრივად მიღებას ერთმანეთისგან განასხვავებს.

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი პატრიარქ შიოს ქადაგების ირგვლივ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილის რეაქცია ქრისტიანული სწავლების არასათანადო გაგებას უკავშირდება.

„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ“, – წერს დეკანოზი.

მისივე განმარტებით, ქრისტიანული თვალსაზრისით, როდესაც გამოჯანმრთელების შესაძლებლობა არსებობს, ავადმყოფის მკურნალობა და მოვლა ადამიანის პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა, მისი თქმით, განსხვავებულია მდგომარეობა, როდესაც მედიცინა ვეღარ ახერხებს ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამედიცინო ჩარევა მხოლოდ სიკვდილის პროცესის გახანგრძლივებას ემსახურება.

„მკურნალობა სხვაა, აგონიის გახანგრძლივება – სხვა. როცა იმედი არსებობს, მკურნალობა და ავადმყოფის მოვლა ქრისტიანის პირდაპირი ვალია. მაგრამ როცა მედიცინა უძლურია, სხეული შეუქცევადად კვდება და აპარატი მხოლოდ მექანიკურად აკავებს სიცოცხლის პროცესს, ეს მკურნალობა კი არა, ტანჯვის გაჭიანურებაა“, – აღნიშნავს დეკანოზი.

გიორგი გოგიჩაიშვილი ასევე საუბრობს ადამიანის სიკვდილისადმი დამოკიდებულებაზე და მიიჩნევს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივების სურვილი შესაძლოა საკუთარი შიშით იყოს განპირობებული.

„როცა მომაკვდავს ათასი მილითა და აპარატით აბამთ სხეულზე, რომელსაც უკვე სიცოცხლე არ შეუძლია, ამას აკეთებთ არა მისთვის, არამედ საკუთარი შიშისთვის. თქვენ ვერ ეგუებით სიკვდილს და ამის გამო მომაკვდავ ადამიანს უაზრო აგონიაში ამყოფებთ“, – წერს იგი.

დეკანოზის შეფასებით, სიკვდილი ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული და მარადისობაში გადასვლაა.

„როცა ადამიანის ჟამი დგება, სულის იძულებით დაკავება სხეულში არის ღვთის განგებულებასთან დაპირისპირება“, – აცხადებს გიორგი გოგიჩაიშვილი.

თავის განცხადებაში დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი ასევე მიუთითებს წმინდა მამების სწავლებაზე და მოიხსენიებს წმინდა პაისი მთაწმინდელს, წმინდა იოანე ოქროპირსა და წმინდა პორფირი კავსოკალიველს. მისი თქმით, მათი სწავლება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ როდესაც მედიცინა ადამიანის განკურნებას ვეღარ ახერხებს, აუცილებელია სულიერი სიმშვიდისა და ლოცვის მნიშვნელობის გათვალისწინება.

„პატრიარქმა შიომ თქვა ის, რასაც ეკლესია 2000 წელია ასწავლის. სანამ „ჰუმანიზმის“ სახელით ტელევიზიებითა და სოციალურ ქსელებში ჭკუას დაარიგებთ, ჯერ საკუთარ უმეცრებას მიხედეთ და წმინდა მამათა სწავლებას ჩაუღრმავდით. ქრისტიანობა სულის გადარჩენაზე ზრუნვაა და არა გვამის ხელოვნური გაცოცხლება!“ – წერს დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარიამობას პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს საღვთო ჟამისწირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ