ეკლესია 24 აგვისტოს წმიდა მოწამე მთავარდიაკონ ევპლიოსს მოიხსენიებს
ქრისტეს უშიშარი აღმსარებელი, რომელმაც სახარების ქადაგებას სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე არ უღალატა.
24 აგვისტოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა მოწამე მთავარდიაკონ ევპლიოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ევპლიოსი 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს ზეობის პერიოდში ეწამა. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა და ქრისტეს სწავლების ერთგული მქადაგებელი იყო. ნეტარ მთავარდიაკონს მუდამ თან დაჰქონდა წმიდა სახარება და კერპთმსახურთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას.
ერთხელ, როდესაც წმიდანი ღარიბულ ქოხში შეკრებილ ადამიანებს სახარებას უკითხავდა, იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს, კალვისიანეს მიჰგვარეს. ევპლიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უსჯულოება, რის გამოც სასტიკი წამება დაითმინა და შემდგომ საპყრობილეში ჩააგდეს.
გადმოცემის თანახმად, უფალმა თავის ერთგულ მსახურს საკანში გრილი წყარო აღმოუჩინა. მსაჯულის წინაშე მეორედ წარმდგარმა წმიდა მთავარდიაკონმა კვლავ მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მტარვალი უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლის ღვრაში ამხილა.
მსაჯულის ბრძანებით, წმიდანს ჯერ ყურები დააჭრეს, შემდეგ კი სიკვდილით დასჯა — თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასჯელის აღსასრულებლად მიმავალ წმიდა ევპლიოსს ყელზე სახარება ჩამოკიდეს.
სიკვდილის წინ მან ლოცვისათვის დრო ითხოვა, სახარება გაშალა და შეკრებილ ხალხს კვლავ ქრისტეს სწავლება უქადაგა. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა მაცხოვარი.
გადმოცემის მიხედვით, ზეგარდმო გაისმა სიტყვები: „ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულსა უფლისა შენისასა!“.
სულით განმხიარულებულმა წმიდა მოწამემ მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს, რითაც ქრისტესადმი ურყევი ერთგულება მოწამებრივი აღსასრულით დაამოწმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 21 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ექვთიმე გარეჯელს მოიხსენიებს.