წმიდა მოწამე პონტიოს რომაელი
წარჩინებული სენატორის ძე, რომელმაც ჭეშმარიტი სარწმუნოება - ქრისტეს გზა აირჩია.
18 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე პონტიოს რომაელს, რომელიც მესამე საუკუნეში, 257 წელს აღესრულა.
წმინდა პონტიოსი რომში, წარჩინებული და პატივცემული სენატორის, მარკოზის ოჯახში დაიბადა. მისი დაბადება სასწაულით იყო გარემოცული: უშვილო წყვილს 22-წლიანი მოლოდინის შემდეგ მიეცა შვილი, თუმცა, როცა ისინი წარმართულ ტაძარში მივიდნენ, ქურუმმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს ბავშვი წარმართულ ღმერთებსა და ტაძარს დააქცევდა. ამის გამო, მას წარმართულ ტაძარს ახლოსაც არ აკარებდნენ.
პონტიოსი ბრწყინვალე გონებითა და სიბრძნით გამოირჩეოდა. ერთხელ, მასწავლებელთან მიმავალმა ქრისტიანთა სახლიდან ფსალმუნთა გალობა მოისმინა (113-ე ფსალმუნი), სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კერპები მხოლოდ ადამიანთა ხელით ქმნილი, უსულო საგნებია. ამ სიტყვებმა მის სულში ღრმად შეაღწია. მან ზეცას შეჰღაღადა, შეეცნო ჭეშმარიტი ღმერთი და მიაკაკუნა იმ სახლის კარზე, სადაც წმინდა პაპი პონტიანე იმყოფებოდა. პაპმა სიხარულით მიიღო ჭაბუკი და ქრისტიანული სწავლება განუმარტა.
იმპერატორ ალექსანდრეს მემკვიდრის - მაქსიმინეს (235-238) დროს პაპმა პონტიანემ მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (+235).
წმიდა პაპის შემდეგ რომის ეპისკოპოსად აირჩიეს მღვდელმთავარი ანთვირე, რომელმაც მალე თავისი წინამორბედის ხვედრი გაიზიარა - მარტვილობით აღესრულა ქრისტესთვის (+236). ნეტარი მღვდელმოწამის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა ფაბიოსი. ეკლესიის წმიდა წინამძღვარს მისგან შვილივით შეყვარებულმა პონტიოსმა მთელი თავისი ქონება გადასცა გლახაკთა საჭიროებისათვის. 238 წელს უსჯულო მაქსიმინე გარდაიცვალა. გამეფდა იმპერატორი გორდიანე III (238-244), რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა. მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ფილიპემ (244-249) კი წმიდა პონტიოსის საუბრებისა და ქადაგების გავლენით ირწმუნა ქრისტე და შვილთან, თანამმართველ ფილიპესთან ერთად ნათელიღო წმიდა პაპის, ფაბიოსის ხელით. იმპერატორის თანხმობით წმიდა პონტიოსმა და მღვდელმთავარმა ფაბიოსმა წარმართულ სამსხვერპლოში იუპიტერის კერპი შემუსრეს და მის ნაცვლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმართეს. ოთხი წლის მანძილზე ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა, შემდეგ კი ტახტზე ავიდა უსჯულო დეკიუსი (249-251), რომელმაც შეთქმულება მოაწყო და იმპერატორი ფილიპე და მისი ძე სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ხანებში ეწამა მღვდელმთავარი ფაბიოსი (+250), წმიდა პონტიოსმა კი დატოვა რომი, იტალიისა და გალიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კიმელას მიაშურა და აქ მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამასობაში იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნა ჯალათები ბრძანებით, მოეძებნათ და ამოეჟლიტათ ყველა ქრისტიანი. ამ მიზნით ქალაქ კიმელაში ჩავიდნენ კლავდიუსი და ანაბიუსი. წმიდა პონტიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის ნეტარი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მტარვალები პონტიოსის სატანჯველად გაემზადნენ, წმიდანმა მშვიდად გააფრთხილა ისინი, რომ წამების დამთავრებამდე გახდებოდნენ მოწმენი უფლის ძლევამოსილებისა. მართლაც, როგორც კი მსახურები ნეტარის საწამებელ ძელზე გაკვრას შეეცადნენ, იარაღი ნაწილებად დაიშალა, ჯალათები კი მკვდრებივით დაცვივდნენ მიწაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე.