29 ივლისს ეკლესია მღვდელმოწამე ათინოგენესა და მის ათ მოწაფეს იხსენიებს
წმინდანები ქალაქ სებასტიაში, ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისთვის, დაახლოებით 311 წელს მოწამებრივად აღესრულნენ.
29 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს მღვდელმოწამე ათინოგენესა და მის ათ მოწაფეს, რომლებიც ქალაქ სებასტიაში, დაახლოებით 311 წელს, ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისთვის მოწამებრივად აღესრულნენ.
გადმოცემის თანახმად, იმხანად მმართველმა ფილომარქსმა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად დიდი ზეიმი მოაწყო და ქალაქის მოსახლეობას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. თუმცა, სებასტიელთა უმეტესობამ, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ქრისტიანთა დევნა დაიწყო.
მმართველს აცნობეს, რომ ქრისტიანობის გავრცელებას ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგება უწყობდა ხელს. მისი შეპყრობის მიზნით გაგზავნილმა მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მონასტერს მიაკითხეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა. რადგან ეპისკოპოსი ადგილზე არ იმყოფებოდა, მათ მისი მოწაფეები დააპატიმრეს.
როდესაც წმინდა ათინოგენემ მომხდარის შესახებ შეიტყო, თავად მივიდა სებასტიაში, სადაც ისიც შეიპყრეს. საპყრობილეში ეპისკოპოსი სულიერად ამხნევებდა თავის მოწაფეებს. სასამართლოს წინაშე მათ უშიშრად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. სასტიკი წამების შემდეგ ათივე მოწაფეს თავი მოჰკვეთეს.
შემდეგ ჯალათებმა თავად მღვდელმოწამე ათინოგენეს წამება დაიწყეს. წმინდანმა უდიდესი სიმტკიცით დაითმინა ტანჯვა და მხოლოდ ერთი სურვილი გამოთქვა — სიკვდილით საკუთარ მონასტერში დაესაჯათ. სავანეში მიყვანილმა მადლობა შესწირა ღმერთს ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსად შერაცხვისთვის და ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მას და მის მოწაფეებს რწმენითა და სიყვარულით მოიხსენიებდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 ივლისს ეკლესია წმინდა ანდრიას, კრიტელი მთავარეპისკოპოსს მოიხსენებს.