დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ევროკავშირის წარმომადგენლები საპატრიარქოს ლგბტ თემების პოპულარიზაციაში დახმარებას სთხოვდნენ“
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ეკლესიამ წლების განმავლობაში დუმილი შეინარჩუნა, თუმცა ევროპარლამენტის ანგარიშში ეკლესიის „რუსული ქსელის ნაწილად“ მოხსენიების შემდეგ საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ესაუბრებოდნენ, მათ შორის – ლგბტ თემების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაზე.
მისი თქმით, საპატრიარქომ ამ თემაზე წლების განმავლობაში საჯაროდ არ ისაუბრა, თუმცა ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით გაკეთებული შეფასებების შემდეგ საჭიროდ ჩათვალა საკუთარი პოზიციის გახმოვანება.
„წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რომ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში. არადა 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ,“ – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშზე, სადაც, მისი შეფასებით, პირველად მოხდა ეკლესიაზე „დოკუმენტური თავდასხმა“ და აღნიშნა, რომ ანგარიშში გამოყენებული ფორმულირებები გახდა საპატრიარქოს დუმილის დარღვევის მიზეზი.
ევროპარლამენტის ანგარიშში აღნიშნულია:
„საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკუსიის ჩამოყალიბებაში. გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული და დემოკრატიული გარემოს შელახვის მიზნით. საქართველოს ეკლესიის შიგნით ზოგიერთი სასულიერო პირი ამ ინსტრუმენტალიზაციას წინააღმდეგობას უწევს და საჯაროდ გამოდის როგორც რუსული გავლენის, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ ქართული მართლმადიდებელი საეპარქიო სტრუქტურები და სამრევლოები ევროკავშირის ტერიტორიაზეც არსებობს, რაც ტრანსნაციონალური დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიფხიზლისა და გამძლეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.“
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სწორედ აღნიშნული ჩანაწერები გახდა იმის მიზეზი, რის გამოც საპატრიარქომ საზოგადოებისთვის იმ შეხვედრების შესახებ საუბარი გადაწყვიტა, რომლებიც, მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან წლების განმავლობაში იმართებოდა.
ამავე ინტერვიუში დეკანოზმა გაიხსენა ბელგიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაჯა ლაჰბიბის, 2023 წლის ვიზიტი საპატრიარქოში. მისი თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ერთსქესიანი ქორწინებების მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება იყო.
„ჰაჯალ აბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და სხვა საკითხებთან ერთად უცნაური და გაუგონარი რამ გვთხოვა. მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს ძალიან დიდი გავლენა საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა და მისთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება, ამიტომ გვთხოვა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში,“ – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჰაჯალ აბიბი ამჟამად ევროკომისარია თანასწორობის საკითხებში. დეკანოზ ჯაღმაიძის განცხადებით, სწორედ ის წარმოადგენს ევროკომისიის 2026–2030 წლების სტრატეგიას თანასწორობის მიმართულებით.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შალვა პაპუაშვილი – აუცილებელია, შეწყდეს საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა.