ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა კურსდამთავრებულებს მიმართა
მეუფე გრიგოლმა ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცა და განათლების სულიერი თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებს მიმართა და სკოლის დასრულება მიულოცა. მღვდელმთავარმა ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპზე წარმატებები უსურვა და მათ განათლების, თავისუფალი აზროვნების, სულიერი განვითარების, სამშობლოს სიყვარულისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
გზავნილში მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულებისთვის სკოლის დასრულება განსაკუთრებული და ემოციური მოვლენაა, რადგან მათ უკან რჩებათ ბავშვობის წლები, მეგობრები და პედაგოგები, რომლებთან ერთადაც ცოდნის მიღებისა და პიროვნული განვითარების გზა განვლეს.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი მოგილოცოთ 12-წლიანი სასწავლო პროცესის დასრულება. ამ მოვლენას ახლავს ერთგვარი სევდაც, რადგან ემშვიდობებით თქვენს ბავშვობას, სკოლის მეგობრებსა და პედაგოგებს, თუმცა დღეს უკვე იწყება თქვენი ცხოვრების ახალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი“, – წერს მიტროპოლიტი.
მეუფე გრიგოლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.
„ფასდაუდებელ სიკეთედ მიმაჩნია, რომ თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში, რაზეც ოცნებობდა თქვენი წინამორბედი არაერთი თაობა. ამისთვის ვმადლობ მაღალ ღმერთს, დედაღვთისმშობელს და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნავს იგი.
გზავნილში მიტროპოლიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არსებობისა და განვითარების უმთავრესი საფუძველი სულიერება და განათლებაა.
„გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობის ძირითად საძირკველს წარმოადგენს სულიერება და განათლება, რწმენა და ცოდნა, ეკლესია და აკადემია“, – აცხადებს მეუფე.
მღვდელმთავარი ახალგაზრდებს მოუწოდებს, საკუთარი მომავალი მყარ ფასეულობებზე ააგონ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური როლი შეასრულონ.
„მამაშვილურად მოგმართავთ თხოვნით და გლოცავთ, რომ საკუთარი მომავალი დააფუძნოთ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულზე. იყავით თამამები ახალი იდეების ძიებაში და ამავდროულად – მყარნი საკუთარ ფესვებში. გახსოვდეთ, რომ თქვენს სამშობლოს სჭირდება თქვენი ნიჭი, თქვენი ენერგია და თქვენი სუფთა გული“.
მეუფე გრიგოლი ახალგაზრდებს განათლებისკენ მუდმივი სწრაფვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ განათლებული თაობაა.
„ისწრაფეთ განათლებისკენ, არასოდეს დაკარგოთ შემეცნების სურვილი, რადგან განათლებული თაობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების, იარეთ ყოველთვის წინ, იღვაწეთ თქვენი მომავლისთვის და გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი გამარჯვება მხოლოდ შრომით, ცოდნითა და სულიერი სიმტკიცით მიიღწევა“, – ნათქვამია გზავნილში.
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სულიერი თავისუფლების თემასაც. მიტროპოლიტის თქმით, სწორედ სულიერი თავისუფლება უნდა იქცეს თანამედროვე ახალგაზრდების ძალად და ცხოვრების მთავარ ორიენტირად.
მისი განცხადებით, ახალგაზრდობა ის განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისუფალი კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ხოლო ჭეშმარიტების ძიების სურვილი წარმატებისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.
მეუფე გრიგოლმა იმ კურსდამთავრებულებსაც მიმართა, რომლებიც სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მან მათ წარმატება უსურვა და მოუწოდა, ყოველთვის შეინარჩუნონ სიმამაცე ცოდნისა და ჭეშმარიტების ძიების გზაზე.
გზავნილის დასასრულს მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში.
„ვმადლობ და ვლოცავ ყველას, ვინც სკოლაში ყოველდღიურად ქმნის იმგვარ გარემოს, სადაც ბავშვს მისვლა უხარია. ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ახალგაზრდებო! ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო! ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი ძვირფასი სამშობლო – სრულიად საქართველო!“ – აღნიშნავს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადა.