საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა გაიმართა
სხდომის ფარგლებში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, მიტროპოლიტმა იოანემ, აკადემიკოსების სახელით გულწრფელი მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს განსაკუთრებული დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის.
2026 წლის 10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა გელათის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა, რომელსაც მასპინძლობდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
უწმინდესი და უნეტარესი, გულთბილად მიესალმა აკადემიის პრეზიდენტს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის, ყურადღება გაამახვილა ეკლესიისა და მეცნიერების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ამ ორი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევით.
სხდომის ფარგლებში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, მიტროპოლიტმა იოანემ, აკადემიკოსების სახელით გულწრფელი მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს განსაკუთრებული დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის. მეუფე იოანემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის აღდგენის პროცესი, მისი ისტორიული მისია, საქმიანობის პრიორიტეტები და დღემდე მიღწეული სამეცნიერო-კვლევითი შედეგები.
აკადემიის სწავლულმა მდივანმა, მარიამ ცაცანაშვილმა, ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მან ყურადღება გაამახვილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერასა და გელათის ტრადიციების თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული ჰუმანიტარიის მეთოდების, ციფრული არქივებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს კვლევითი შედეგების ხელმისაწვდომობასა და აკადემიის საერთაშორისო აღიარებას.
შეხვედრაზე აკადემიის წევრებმა: დამანა მელიქიშვილმა, ანა ხარანაულმა, მაია გოთუამ, ლევან ქურდიანმა, ელდარ ბუბულაშვილმა, იულონ გაგოშიძემ, როლანდ თოფჩიშვილმა, ჯამბულ ბიწაძემ და ავთანდილ ნიკოლეიშვილმა ისაუბრეს ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. მათ ხაზი გაუსვეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საექსპერტო და საკონსულტაციო ინსტიტუციის, როლის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიის, როგორც უნიკალური დაწესებულების, სამართლებრივი ჩარჩოს განმტკიცებას ინსტიტუციური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს აგრეთვე მისი მისია ქართველოლოგიური ცოდნის განვითარებაში, მეხსიერების შენარჩუნებასა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში.
სხდომის დასასრულს, აკადემიის წევრთა ერთსულოვანი შუამდგომლობითა და გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, რაც უდიდესი სტიმულია საერო და სასულიერო ინტელექტუალურ წრეებს შორის ერთობლივი საქმიანობის გასაძლიერებლად და ახალ იმპულსს შესძენს გელათის აკადემიური მისიის სრულმასშტაბიან განხორციელებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტარდება.