ლომისობის დღესასწაულზე ლომისის წმინდა გიორგის მონასტერს ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თეიმურაზ ბექაურმა ლომისობა სულიერი სიმტკიცისა და ერთობის დღედ შეაფასა.
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმყოფებოდნენ.
დღესასწაულზე მონასტერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მრავალი მომლოცველი შეიკრიბა. ტრადიციისამებრ, ლომისობა აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო და სახალხო დღესასწაულია.
თეიმურაზ ბექაურმა აღნიშნა, რომ ლომისობა განსაკუთრებული მადლის, სულიერი სიმტკიცისა და ერთობის მატარებელი დღეა, რომელიც ყოველწლიურად უამრავ მორწმუნეს აერთიანებს.
„ტრადიციულად, აღდგომიდან მეშვიდე კვირას, სოფელ მლეთაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება რწმენით, რომ ეს დღე განსაკუთრებული მადლის, სულიერი სიმტკიცისა და ერთობის მატარებელია. ლომისა ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავია, ამიტომ ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ლომისის წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოსა და თითოეულ ოჯახს“, — განაცხადა თეიმურაზ ბექაურმა.
ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული სალოცავია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მომლოცველსა და სტუმარს მასპინძლობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ლომისობის დღესასწაულია.