უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

2824
01 ივნისი 14:33
26
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას სულიწმინდის მადლის მნიშვნელობაზე, ეკლესიის მისიასა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა.

31 მაისს, სულთმოფენობისა და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მრევლს სადღესასწაულო ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა დამსწრეებს სულთმოფენობისა და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია როგორც ქრისტიანული სამყაროსთვის, ისე თავად ეკლესიისთვის.

სწორედ ამ დღეს აღსრულდა უფალ იესო ქრისტეს აღთქმა და ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ სულიწმინდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით გარდამოვიდა.

„დღეს ვზეიმობთ ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას. უფალ იესო ქრისტეს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი თავისი მოწაფეებისთვის, რომ მისი წასვლის შემდეგ მათ სულიწმინდას მოუვლენდა. ეს დანაპირები ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ შესრულდა, როდესაც სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა მოციქულებზე და უბრალო გალილეველი მეთევზეები ქრისტეს სახარების უშიშარ მქადაგებლებად აქცია,“ – აღნიშნა შიო III-მ.

პატრიარქის განმარტებით, სულთმოფენობის დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება და მას ხშირად „ეკლესიის დაბადების დღესაც“ უწოდებენ.

მისივე თქმით, ეკლესია მხოლოდ ქრისტეს მისტიური სხეული არ არის, არამედ ის სივრცეა, სადაც მოქმედებს სულიწმინდა და სადაც მორწმუნეები ცხონების გზას პოულობენ.

„დღეს არის ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე ამ დედამიწაზე. ჩვენ ვცხონდებით ქრისტეს ეკლესიის წევრობით, ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლითა და ძალით, რომელიც გვაკურთხებს, განგვწმენდს და გვაცხონებს,“ – განაცხადა მან.

ქადაგებისას შიო III-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ იღებენ მორწმუნეები სულიწმინდის მადლს. მისი თქმით, ეს ხდება საეკლესიო საიდუმლოებების, ტაძარში ლოცვის, ღვთისმსახურებაში მონაწილეობისა და სასულიერო პირთა ლოცვა-კურთხევის მეშვეობით.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მრავალი წმინდა მამის სწავლებით, ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა და ამისთვის ადამიანმა მუდმივად უნდა ილოცოს.

„ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი. ამის შესახებ მცნება თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა. მან გვასწავლა, რომ ვითხოვოთ, ვეძიოთ და ვირეკოთ, რადგან ვინც ითხოვს, მიიღებს, ვინც ეძებს, იპოვის და ვინც რეკს, მას გაუღებენ. უფალი გვაუწყებს, რომ ზეციერი მამა განსაკუთრებით მისცემს სულიწმინდას მათ, ვინც ამას სთხოვს,“

სადღესასწაულო ქადაგებაში პატრიარქმა გაიხსენა სულთმოფენობის დღეს აღვლენილი ლოცვა– „მეუფეო ზეცათაო“ – და განმარტა, რომ სწორედ ამ დღეს ეკლესია განსაკუთრებული გულმოდგინებით ევედრება სულიწმინდას, მოვიდეს და დამკვიდრდეს ადამიანთა შორის.

ქადაგების დასასრულს შიო III-მ განსაკუთრებული პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას და მის მრავალწლიან მოღვაწეობას.

„დღეს შეუძლებელია არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც მთელ ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი. იგი სამების საკათედრო ტაძარს „საქართველოს ავტოპორტრეტს“ უწოდებდა. პატრიარქმა ისეთი ღვაწლი მოიღვაწა და სულიწმინდის ისეთი მადლით აღივსო, რომ მისი მოღვაწეობა ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბისაა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მისი გარდაცვალებისა და გასვენების დღეებში, როდესაც თითქმის მთელი საქართველო შეიკრიბა მისთვის მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად.”

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა დღესასწაული.

„შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში. მადლი სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ,“ – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმიდესი და უნეტარესი მიბრძანდება ჯავახეთში, სოფელ ფოკაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ