მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება და ქრისტეს ზეცად ამაღლებას უკავშირდება.
2026 წლის 21 მაისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს — ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულს, რომელიც მართლმადიდებლობაში თორმეტ დიდ დღესასწაულს შორისაა.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და ამზადებდა მომავალ მისიონერულ მსახურებისთვის. ამავე პერიოდში მან მოუწოდა მათ დარჩენილიყვნენ იერუსალიმში სულიწმიდის მოფენამდე.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად ამაღლდა. ეკლესიის სწავლებით, ამაღლება არა მხოლოდ მიწიერი მსახურების დასრულების, არამედ ადამიანის ბუნების განდიდებისა და ღმერთთან ერთობის სიმბოლოს წარმოადგენს.
ამაღლების დღესასწაული ქრისტიანულ ეკლესიაში საყოველთაოდ IV–V საუკუნეებში დამკვიდრდა. მის შესახებ წერენ ეკლესიის მამები — გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვები. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა დღესასწაულის საეკლესიო ტრადიციები და ღვთისმსახურების წესები, რომელთა ნაწილი წმინდა იოანე დამასკელს მიეწერება.
ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში ქრისტეს ამაღლების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამაღლების უძველესი მხატვრული გამოსახულებები შემორჩენილია დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X საუკუნე) და ზემო კრიხის ეკლესიაში (XI საუკუნე).
საქართველოს მთიანეთში ამაღლების დღესასწაული ისტორიულად ადგილობრივ ტრადიციებსაც უკავშირდებოდა — ზოგ რეგიონში იგი ემთხვეოდა საქონლის ალპურ საძოვრებზე გადარეკვის პერიოდს და სხვადასხვა საზეიმო წეს-ჩვეულებით აღინიშნებოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაზიანებულია შლაგბაუმი და ჭიშკარი.