პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპატიო სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მართლმადიდებელი ეკლესიების როლზე მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვის საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ დელეგაციებსა და საპატიო სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ასევე ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლური ფასეულობების მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში. აღინიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე მართლმადიდებელი ეკლესიების როლი მშვიდობის, ჰუმანიზმისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის საქმეში კიდევ უფრო იზრდება.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სტუმრებს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოხატული თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პატრიარქის, შიო მესამეს სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს.