მართლმადიდებელი ეკლესია ღირს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსა და წმიდა ანა წინასწარმეტყველს მოიხსენებს

16 თებერვალი 12:58
102
მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი. ფოტო: ღია წყარო მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი. ფოტო: ღია წყარო

16 თებერვალი იმ წმიდანთა ხსენების დღეა, რომელთაც ტაძარში თავად იხილეს ჩვილი იესო ქრისტე და კაცობრიობის ხსნის შესახებ იქადაგეს.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 16 თებერვალს მოიხსენებს ღირს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსა და წმიდა ანა წინასწარმეტყველს — წმიდანებს, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქრისტიანულ ტრადიციაში, როგორც უფლის განკაცების მოწმეთ.

წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა და, წმიდა ლუკა მახარებლის მოწმობით, იყო „მართალი და მოშიში უფლისა“, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას ელოდა. მას სულიწმიდისგან ჰქონდა უწყებული, რომ არ იხილავდა სიკვდილს მანამ, სანამ მესიას — განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს — არ იხილავდა.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, სვიმეონი იმ 72 სწავლულს შორის იყო, რომლებიც ეგვიპტის მეფე პტოლემეოს II ფილადელფოსის მოწვევით ალექსანდრიაში წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ჩავიდნენ. ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნისას, როცა სიტყვებს — „აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე“ — შეხვდა, მან ჩათვალა, რომ ტექსტში შეცდომა იყო. ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ ეს სიტყვები ჭეშმარიტება იყო და თავად იხილავდა ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს.

წლების შემდეგ, სულიწმიდის შთაგონებით, სვიმეონი იერუსალიმის ტაძარში მივიდა, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს. წმიდა მოხუცმა ჩვილი ხელში აიყვანა და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი“ (ლკ. 2,29–30). მან ასევე წინასწარმეტყველურად მიმართა ღვთისმშობელს და აუწყა მომავალი ტანჯვის შესახებ.

საეკლესიო გადმოცემით, წმიდა სვიმეონმა 360 წელი იცოცხლა, ხოლო VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

ამავე დღეს ეკლესია მოიხსენებს წმიდა ანა წინასწარმეტყველს, ფანოელის ასულს, ასერის ტომიდან. იგი ღრმა სიბერეში იყო და მთელი ცხოვრება ტაძარში ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. უფლის ნებით, იგი იმავე დროს მივიდა ტაძარში, როდესაც ყრმა იესო მიიყვანეს. წმიდა ანამ ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და იერუსალიმში მცხოვრებთ ახარა მისი განკაცება.

წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და წმიდა ანა წინასწარმეტყველი ქრისტიანულ ტრადიციაში რჩებიან იმ წმიდანებად, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს კაცობრიობის მხსნელი და მისი მოვლინება სიხარულით აუწყეს სამყაროს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ