4 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ტიმოთეს ხსენების დღეს აღნიშნავს

4 თებერვალი 23:12
156
წმიდა მოციქული ტიმოთე. ფოტო: ღია წყარო წმიდა მოციქული ტიმოთე. ფოტო: ღია წყარო

წმიდა პავლე მოციქულის საყვარელი მოწაფე და ეფესოს ეპისკოპოსი მოწამებრივად აღესრულა ქრისტესთვის.

4 თებერვალს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს წმიდა მოციქულ ტიმოთეს — წმიდა პავლე მოციქულის ერთგულ მოწაფესა და თანამგზავრს. წმიდა ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა და ქრისტიანობაზე 52 წელს მოაქცია წმიდა პავლე მოციქულმა.

ლიკაონიის ქალაქებში პავლესა და ბარნაბას პირველი სამოციქულო მოგზაურობის დროს აღსრულებულმა სასწაულმა — დედის მუცლითგან მკელობელის განკურნებამ — მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12; 2 ტიმ. 1,5).

პავლე მოციქულის მიერ ტიმოთეს გულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. იგი მოციქულთა თავის ერთგულ მოწაფედ და განუყრელ თანამგზავრად იქცა. პავლე თავის ეპისტოლეებში ტიმოთეს „საყვარელ შვილს“ უწოდებს და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას.

65 წელს წმიდა პავლემ ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდა ტიმოთე 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. რომის საპყრობილეში მყოფმა პავლე მოციქულმა, რომელმაც წინასწარ უწყოდა თავისი აღსასრულის მოახლოება, ერთგული მოწაფე თავისთან იხმო: „ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე.”

ერთხელ ეფესოში წარმართებმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი ზეიმი გამართეს. წმიდა ტიმოთემ საღვთო შურით შეეცადა, შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდული ბრბო, თუმცა გაავებულმა კერპმსახურებმა იგი სასტიკად გვემეს, მიწაზე ათრიეს და საბოლოოდ ქვებით ჩაქოლეს (+80).

წმიდა მოციქულ ტიმოთეს უხრწნელი ნაწილები IV საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მართლმადიდებელი ეკლესია 4 თებერვალს ღირსმოწამე ანასტასი სპარსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ