მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერს წმინდა ფილიპე მოციქულის ხსენებას აღნიშნავს
წმინდა ფილიპე მოციქული, შვიდი დიაკონთაგანი, ქრისტეს სიყვარულითა და მორჩილებით ემსახურებოდა ეკლესიას და მრავალი სასწაული მოახდინა.
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ მას ოთხი ქალიშვილი შეეძინა, რომლებიც ქალწულებითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, ხოლო უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა.
მოციქულებმა ფილიპე დიაკვნად დაადგინეს და წმინდა პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ემსახურებოდა ეკლესიას. იგი ზრუნავდა ქვრივებზე, ობლებზე და გლახაკებზე. იერუსალიმის დევნის დროს წმინდა ფილიპე სამარიაში ჩავიდა, სადაც ქრისტიანობას ქადაგებდა და მრავალი სასწაული მოახდინა. კურნავდა სნეულებს და განდევნიდა ბოროტ სულებს.
მისი ქადაგებით მრავალი მოექცა ქრისტეს რწმენაზე, მათ შორის ჯადოქარი სვიმონ მოგვი, რომელიც სასწაულთა მნახველად თავადაც მოინათლა.
წმინდა წერილი მოგვითხრობს ფილიპეს შეხვედრაზე ეთიოპიელ საჭურისთან, რომელიც ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა. ფილიპემ აუხსნა მას წერილის აზრი და აუწყა იესო ქრისტეს სახარება. გზად მდინარეში საჭურისი მოინათლა და სიხარულით გაემგზავრა, ხოლო ფილიპე უფლის სულმა წარიტაცა და აზოტეში აღმოჩნდა, სადაც კვლავ განაგრძო ქადაგება.
შემდგომში წმინდა ფილიპე მცირე აზიის ქალაქ ტრალისის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე და მრავალი სასწაული მოახდინა. იგი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.
წმინდა ფილიპე მოციქული შვიდ დიაკონთაგან უნდა განვასხვავოთ სხვა ფილიპესგან — ერთ-ერთ თორმეტ მოციქულთაგანისგან, რომლის ხსენებაც 14 ნოემბერს აღინიშნება.
წმინდა ფილიპე მოციქულის თავის ქალა თავდაპირველად კონსტანტინოპოლში ინახებოდა. ჯვაროსნთა შემოსევის შემდეგ იგი გადამალეს კვიპროსში, სოფელ ომოდოსში, ძელიცხოვლის სახელობის მონასტერში, სადაც რელიკვია დღესაც ინახება. მისი ნამდვილობა დადასტურებულია იმპერატორების: თეოდოსი დიდის და ჰერაკლე I-ის ბეჭდებით.