2 სექტემბერი წმიდა ზოსიმე მეუდაბნოეს ხსენების დღეა
ნადირთა დამმორჩილებელი წმინდანი, რომლის რწმენამ წამებასაც კი გაუძლო.
წმიდა ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ის ქრისტესადმი ერთგულმა ქალაქის ხმაურსა და ურწმუნოებას უდაბნოს სიჩუმე და მხეცებთან თანაცხოვრება ამჯობინა. მისი ცხოვრება იყო სიმშვიდისა და უფლისადმი ლოცვითი ერთგულების მაგალითი.
ერთხელ, კილიკიის მმართველი დომენტიანე ნადირობისას შეხვდა წმინდანს, რომელსაც მხეცები გარს ეხვეოდნენ და მორჩილად უსმენდნენ. მონადირეთა გამოჩენისას ისინი დაფრთხნენ, ხოლო წმიდანმა აუწყა, რომ ურწმუნოთა გვერდით ყოფნა მისთვის უმძიმესი იყო და სწორედ ამიტომ აირჩია უდაბნოს ცხოვრება.
დომენტიანემ ზოსიმე ქრისტეს აღიარების გამო შეიპყრო და ნაზარეთში წაიყვანა. იქ სასტიკი წამებით ცდილობდნენ, მას ქრისტეს უარყოფა ეიძულებინათ. წმინდანს თავდაღმა დაკიდეს, კისერზე მძიმე ლოდი ჩამოაბეს და რკინის იარაღებით სხეული გაუპეს. როცა ჯალათებმა დასცინეს და ლომის გამოძახება სთხოვეს, ზოსიმემ ლოცვით უფალს შეჰღაღადა. ამ დროს მართლაც გამოჩნდა უზარმაზარი ლომი, რომელიც მის გვერდით დადგა და სიმძიმე შეუმსუბუქა.
შეშინებულმა ხალხმა თავი შეაფარა, დომენტიანემ კი ნადირის შეკავება სთხოვა. ზოსიმე ჯალათების ხელიდან ჩამოხსნეს, მაგრამ მან იქვე, წამების ადგილას, სული უფალს შეჰვედრა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ზოსიმე მეუდაბნოს იხსენიებს 2 სექტემბერს.მისი ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ ჭეშმარიტი რწმენა და ღვთის ძალა ყოველგვარ სიძნელეს აძლევენ ადამიანს, თუნდაც სიკვდილამდე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხსენება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა „აღმადგინებელი“.