საბერძნეთმა და ეგვიპტემ სინაზე წმინდა ეკატერინეს მონასტრის სტატუსი განიხილეს
შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ორივე მხარე იმუშავებს „მონასტრის უფლებების დადგენისა და მათი იურიდიული ფორმის განსაზღვრის მიმართულებით“.
2025 წლის 4 ივნისს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგიოს გერაპეტრიტისი კაიროში შეხვდა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრ აბდელატტის. შეხვედრის მთავარი თემა იყო სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტერი – ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელობით გამორჩეული მართლმადიდებლური მონასტერი, იტყობინება სააგენტო Orthodoxia News.
გერაპეტრიტისმა მონასტრის რელიგიური და სულიერი ხასიათის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „ეგვიპტისა და საბერძნეთის მიზანია წინსვლა საუკუნოვან ტრადიციასა და მონასტრის ჩამოყალიბებულ სტატუსზე დაყრდნობით, რომელიც ბერძნულ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას ატარებს“.
ბადრ აბდელატტიმ აღნიშნა, რომ ეგვიპტის სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც მონასტრის გარშემო მდებარე მიწებს ეხება, მის უფლებებს არ არღვევს და მიზნად ისახავს ბერების ისტორიული და სულიერი უფლებების შენარჩუნებას.
მან დაამატა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ საბერძნეთი დაარწმუნა მონასტრის სრულ მხარდაჭერასა და მისი სიწმინდის პატივისცემაში. ეგვიპტემ ხაზი გაუსვა მშვიდობის, ტოლერანტობისა და რელიგიათა თანაარსებობის მნიშვნელობას.
საბერძნეთმა და ეგვიპტემ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას წმინდა ეკატერინეს მონასტრის უნიკალური სულიერი მნიშვნელობის დასაცავად.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ეგვიპტის ხელისუფლება სინაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერს ხურავს.