მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

2824
04 დეკემბერი 2025 18:03
18
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ხაზგასმით აღნიშნა ღვთისმშობლის მაგალითის მნიშვნელობა ქრისტიანებისთვის.

4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), რომელმაც ყველას უმილოცა დღესასწაული და გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა.

მიტროპოლიტმა შიომ ხაზი გაუსვა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოველი დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ქრისტიანებისთვის:
„ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით და ერთგულებით“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ქადაგებაში მან დეტალურად გაიხსენა ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანების ისტორიული მოვლენაც:
„მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში... ყრმა მარიამი თვითონ, უშიშრად იწყებს აღმასვლას კიბეებზე. მას შეეგება მღვდელმთავარი ზაქარია და შეიყვანა იგი წმინდათა წმინდაში, სადაც საერთო წესით ვერავინ შედიოდა“.

მეუფემ ასევე ყურადღება გაამახვილა სულიერ გზაზე, რომელსაც ყოველი ქრისტიანი გადის:
„ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ“.

მისი თქმით, ამ გზაზე მორწმუნეები არასოდეს არიან მარტო, რადგან მათ გვერდით დგას ღვთისმშობელი:
„მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას… იქ ცხოვრობდა, ლოცულობდა, შრომობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა, მთელი კაცობრიობის დედა, მეოხი და შუამდგომელი“.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ მორწმუნეებს მოუწოდა, ღვთისმშობლის მაგალითით ისწავლონ ტაძრისადმი სიყვარული და ზეციური მშვიდობა ამსოფლიური შფოთის ნაცვლად:
„ნაცვლად ამაოებისა და გაღიზიანებისა, ჩვენს სულებში შევიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი“.

მან კიდევ ერთხელ მიულოცა დღესასწაული და მორწმუნეებს მოუწოდა, ყრმა მარიამის მაგალთს მისდიონ:
„დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში და ყველას მოუწოდებს თავისკენ. ვევედროთ მას, შევისმინოთ მისი მოწოდება და მივყვეთ მის გზას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.

ღონისძიება თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 4 დეკემბერს, სურამისა და ხაშურის მეუფე სვიმეონი საზეიმო მსახურებას აღავლენს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ