ეპარქიებში სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება გრძელდება
სამღვდელოებისთვის „ღირებულებითი განათლებისა“ და თანამედროვე სასწავლო მეთოდების ტრენინგები ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გაიმართა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება „ღირებულებით განათლებასა“ და „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებში“ კვლავ გრძელდება.
მორიგი სესია 1 და 2 დეკემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გაიმართა. ტრენინგს ადგილობრივ სამღვდელოებასთან ერთად ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, აგრეთვე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიების სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. თანაწამყვანებად წარდგნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი და ფსიქოლოგი რუსუდან კილაძე.
გადამზადების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ღირებულებითი განათლების“ ძირითად პრინციპებზე, არაფორმალური განათლების სპეციფიკასა და თანამედროვე სასწავლო მიდგომებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.
სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ საკითხებს. ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა მოზარდების ასაკობრივ თავისებურებებზე, მოტივაციის გაძლიერებისა და ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო პროცესში.
ტრენინგი ჩატარდა ინტენსიურ რეჟიმში — ინტერაქციული მეთოდებით, დისკუსიებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც საშუალებას აძლევდა მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაღრმავების ძალიან აქტიურ ფორმატში ჩართვას.
გადამზადების დასრულების შემდეგ მონაწილეებს საბაზო საფეხურის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ქადაგებით მიმართა მრევლს.