სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა
სიონის საპატრიარქო ტაძარში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ თსასის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი აღასრულა.
14 ნოემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად თსასის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი აღასრულა.
პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. გალობდა თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი, ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.
მსახურების შემდეგ, ქადაგებაში, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ყურადღება გაამახვილა პატრიარქის განუზომელ ღვაწლზე და აღნიშნა, რომ უწმინდესმა თავისი უდიდესი ავტორიტეტით, სიბრძნითა და თანმიმდევრულობით ურთულეს წლებში დააარსა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა და გარდაცვლილ პედაგოგთაგან უმეტესმა სწორედ პატრიარქის მოწვევით დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა ჩვენს სასწავლებელში. პროტოპრესვიტერმა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა თითეული მათგანის მიმართ, ისაუბრა გარდაცვლილ პედაგოგთა განუსაზღვრელ ღვაწლსა და დამსახურებაზე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმატებაში. უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოხატა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც აკადემიასა და სემინარიაში იღებდნენ განათლებას და დღეს ჩვენ შორის აღარ არიან. ღმერთმა დაამკვიდროს მათი სულები იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, - ბრძანა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მან დალოცა და წარმატებები უსურვა ტაძარში შეკრებილთ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი ყოველწლიურად აღევლინება სიონის საპატრიარქო ტაძარში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ იფსომათიაში წმინდა მინასის ეკლესიაში პანაშვიდი აღავლინა.