ათენში გამოაშკარავდა ცრუ მღვდლები, რომლებსაც ეკლესიაში ნარკოტიკების ლაბორატორია ჰქონდათ
საბერძნეთის ეკლესიის მიერ განკვეთილი ყოფილი ბერი ძველკალენდრის „მთავარს“ წარმოადგენდა და ეკლესიიდან ნარკოტიკებს ყიდდა.
„Athens News“-ის ცნობით, 2025 წლის ნოემბერში ათენის პოლიციამ გამოავლინა კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ძველკალენდრის მღვდლებს წარმოადგენდნენ და ეკლესიას ნარკოტიკებით ვაჭრობისისთვის იყენებდნენ.
გამოძიების თანახმად, კოკაინი და დაუმუშავებელი კანაფი „ეკლესიის“ მეშვეობით გადაჰქონდათ. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კრიმინალური ქსელი მკაფიო სქემის მიხედვით მოქმედებდა: 52 წლის ქალი ხელმძღვანელობდა ოპერაციებს, ანაწილებდა შემოსავალს და აკონტროლებდა ნარკოტიკებით ვაჭრობას.
მისი უახლოესი თანამშრომელი იყო 46 წლის ყოფილი ბერი, რომელიც ადრე საბერძნეთის ეკლესიამ განკვეთა მონაზვნური აღთქმის დარღვევისა და შეუფერებელი ქცევის გამო. ამის შემდეგ, ის შეუერთდა ძველკალენდრისტულ ჯგუფს, სადაც კვლავ „მთავარს“ წარმოადგენდა.
გამომძიებლების თქმით, ის პასუხისმგებელი იყო ეკლესიის შენობის გარეთ ნარკოტიკების შენახვაზე, შეფუთვასა და კლიენტებისთვის დარიგებაზე. მოსმენილ საუბრებში მონაწილეები იყენებდნენ კოდურ სიტყვებს: „სვეჩკა“ (კოკაინი), „კოფეიოკი“ (ჰაშიში) და „ფანუროპიტა“ (უმი მარიხუანა).
ჩხრეკის დროს პოლიციამ ამოიღო 2 კგ-ზე მეტი კოკაინი, 9 კგ კანაფი, ელექტრონული სასწორები, მობილური ტელეფონები, სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. დააკავეს რვა ადამიანი, რომელთაგან შვიდი ადრე მსგავსი დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული.
„ Athens News“ ცნობით, შენობა, სადაც „ეკლესია“ ფუნქციონირებდა, სახელმწიფო კომპანია GAIAOSE-ს ეკუთვნის და იჯარით იყო გაცემული ეჭვმიტანილებთან დაკავშირებულ სუბიექტებზე. გამოძიება გრძელდება.
მანამდე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსის ერთ-ერთი ეკლესიიდან მოიპარეს ლუსკუმა წმინდა სპირიდონის ნაწილებით.