ბოლნისში ეთნო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით, 1-2 ნოემბერს ბოლნისი ტრადიციული კულტურის ცენტრად იქცევა.
1-2 ნოემბერს ბოლნისში გაიმართება ეთნო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ბოლნისის ეპარქია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი საინტერესო აქტივობა, მათ შორის ქართული იარაღის მუზეუმის უნიკალური მასტერკლასი თემაზე – „იარაღი და საბრძოლო ხელოვნების განვითარების ეტაპები“, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ იარაღების გამოფენა და გაეცნონ ქართული საბრძოლო ტრადიციების ისტორიულ მნიშვნელობას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება გამოფენა თემაზე „ქართული კულტურის სამეცნიერო წიგნები და ეროვნული სამოსი“, რომელიც ქართველი მეცნიერებისა და მხატვრული მემკვიდრეობის სიმდიდრეს გააცნობს სტუმრებს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციაც თემაზე „ქართული ტრადიციული კულტურა და თანამედროვეობა“, სადაც მკვლევარები და სპეციალისტები იმსჯელებენ ეროვნული კულტურის განვითარებასა და თანამედროვეობასთან მის შეხამებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეთნო ფესტივალი ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით უკვე წარმატებით ჩატარდა მესტიაში 2025 წლის 13, 14 და 15 ივნისს, და ტრადიცია ბოლნისშიც გრძელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ აცხადებს უფასო ახალგაზრდულ სტაჟირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტში.