საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში
წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.
ქრისტიანულ მოძღვრებასა და ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში შობადობა, შვილთა სიმრავლე და ახალი სიცოცხლის მოვლენა ყოველთვის აღიქმებოდა არა უბრალოდ ბიოლოგიურ პროცესად, არამედ ღვთის განსაკუთრებულ კურთხევად, სულიერ პასუხისმგებლობად და ოჯახის, როგორც „მცირე ეკლესიის“, უზენაეს დანიშნულებად. წმინდა წერილში - ახალ აღთქმასა და მოციქულთა ეპისტოლეებში - მკაფიოდ არის გამოკვეთილი ბავშვის სულიერი ღირებულება და დედ-მამის მისია. სახარებაში იესო ქრისტე განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობა ჩვილებს, აკურთხებს მათ და მოუწოდებს მოწაფეებს: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათე 19:14), ხოლო ახალი ადამიანის დაბადებას უდიდეს სიხარულად აცხადებს: „დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა“ (იოანე 16:21). პავლე მოციქული ეპისტოლეებში ხაზს უსვამს მშობლების პასუხისმგებლობას შვილების ქრისტიანულად აღზრდის საქმეში, როდესაც წერს: „მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა“ (ეფ. 6:4), და იქვე დასძენს დედობის სულიერ განსაკუთრებულობაზე, რომ „დედაკაცი ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“ (1 ტიმ. 2:15).
წმინდა წერილის ამ სწავლებას სიღრმისეულად განავრცობს პატრისტიკული ლიტერატურა და ეკლესიის წმინდა მამათა ნაშრომები. წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება: „ნუ იტყვი, რომ შვილების გაჩენა საკმარისია საცხოვნებლად... თუ მათ ზნეობრივად არ აღზრდი, უმძიმეს სასჯელს დაიმსახურებ, რადგან შობადობა ბუნების საქმეა, ხოლო აღზრდა - სულისა და ნების“. წმინდა ბასილი დიდი, კლიმენტი ალექსანდრიელი და ეკლესიის სხვა მოძღვრები აღნიშნავდნენ, რომ შვილების გაჩენა არის ღვთის თანაშემოქმედება. გარდა ამისა, ადრეული ეკლესიის მამები ყოველთვის მკაცრად გმობდნენ მუცლადღებულის სიცოცხლის ხელყოფასა თუ ჩვილების მიტოვებას, რასაც „დიდაქეშიც“ ვკითხულობთ: „არ მოკლა ჩვილი მუცელში და არ მოაკვდინო შობილი“, ვინაიდან თითოეული ჩასახული სიცოცხლე ღვთის წმინდა საჩუქარია.
საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ეს სულიერი ტრადიცია თანამედროვე ეპოქაშიც პოვებს პრაქტიკულ გამოვლინებას. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ წამოწყებული საყოველთაო ნათლობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პატრიარქი ხდება ჯვარდაწერილი მართლმადიდებელი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილის ნათლია. საყოველთაო ნათლობის ინიციატივით ილია II პირველად 2007 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა. ოფიციალურ მიმართვაში მან პირდაპირ აღნიშნა: „ქართველი ხალხის დემოგრაფიულმა მდგომარეობამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ უმცირესობაში აღმოვჩნდებით საკუთარ სამშობლოში... ამის გამოსასწორებლად გადავწყვიტე, ყოველი ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და შემდგომი შვილის ნათლია თავად გავდე.“ ამ წამოწყებამ, რომლის ფარგლებშიც დღეისთვის პატრიარქს 50 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს, უდიდესი როლი ითამაშა ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებასა და მრავალშვილიანობის წახალისებაში.
პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში შედგა. ქადაგებისას პატრიარქმა ხაზი გაუსვა შობადობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ თითოეული ბავშვი ერისა და ეკლესიის დიდი საჩუქარია და რომ ქართველი ერი მხოლოდ შობადობის მატებით შეინარჩუნებს თავის თვითმყოფადობას. პატრიარქმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი იყო სულიერი თანადგომა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც არ ერიდებიან პასუხისმგებლობას და მრავალ-შვილიანობას ირჩევენ.
საზოგადოებრივი განწყობების, კვლევებისა და უშუალოდ მშობლების აღიარების საფუძველზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათასობით ოჯახისთვის მესამე და მომდევნო შვილის გაჩენის მთავარი გადამწყვეტი იმპულსი სწორედ ილია II-ისადმი უპირობო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა გახდა. ქართულ კულტურულ მეხსიერებაში ნათლიობა განსაკუთრებულ სულიერ ნათესაობად მიიჩნევა. პატრიარქის ნათლულობა ოჯახებისთვის იქცა უდიდეს სიამაყედ, კურთხევად და სულიერი მფარველობის განცდად, რაც მშობლებს მომავლის რწმენით ავსებდა. ბევრ წყვილს ისედაც ჰქონდა მრავალშვილიანობის სურვილი, თუმცა ეკონომიკური, თუ ყოველდღიური სირთულეების გამო ყოყმანობდა. პატრიარქის პირადმა მოწოდებამ და პასუხისმგებლობის გაზიარებამ მათ მისცა საბოლოო ბიძგი, რათა ყოველდღიურ შიშებზე მაღლა დამდგარიყვნენ.
საქართველოს ეკლესიის ამ ნაბიჯს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. წამყვანმა გლობალურმა მედიასაშუალებებმა, როგორიცაა BBC, CNN და The New York Times, სპეციალური რეპორტაჟები მიუძღვნეს იმ ფაქტს, თუ როგორ შეძლო სულიერი ლიდერის ავტორიტეტმა ქვეყანაში შობადობის მკვეთრი ზრდის გამოწვევა. BBC-ის ცნობილ სტატიაში - "Church leader sparks Georgian baby boom" - ადგილობრივი ოჯახის წარმომადგენელი აღნიშნავდა: „ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი მეოთხე შვილი პატრიარქის ინიციატივის გამო შეგვეძინა... როდესაც მან გამოაცხადა, რომ მონათლავდა მესამე და მომდევნო შვილებს, ჩვენ ვერ გავუძელით ამ შესაძლებლობას, რადგან პატრიარქის ნათლულობა უდიდესი პატივია“. ამავე დროს, ამ მოვლენამ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციებისა თუ სოციოლოგების ყურადღებაც მიიპყრო. Institute for Family Studies-ის (IFS) მკვლევარი ლაიმან სტოუნი თავის ანალიზში ხაზს უსვამდა, რომ „პატრიარქ ილია II-ის ინიციატივამ დემოგრაფიულად მნიშვნელოვანი შობადობის ბუმი გამოიწვია საქართველოში“, რაც რელიგიური ავტორიტეტის სოციალურ ძალას უსვამდა ხაზს. სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა და საერთაშორისო დემოგრაფებმა ეს მოვლენა შეაფასეს, როგორც ერის სოციალურ-დემოგრაფიულ კრიზისში ეკლესიის აქტიური ჩართულობის უპრეცედენტო მაგალითი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ წამოწყებული საყოველთაო ნათლობის ამ საშვილიშვილო საქმეს აგრძელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
იგეგმება ნათლობის რიგით სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი. საყოველთაო ნათლობა გასცდა ჩვეულებრივი რელიგიური რიტუალის ფარგლებს და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ქმედით სოციალურ-დემოგრაფიულ და სულიერ მოვლენად იქცა. ამ პრეცედენტმა თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება სულიერი წინამძღვრისადმი ხალხის უპირობო ნდობამ, სიყვარულმა და პირადმა სულიერმა კავშირმა (ნათლიობამ) გარდამტეხი როლი ითამაშოს ეროვნული მნიშვნელობის პროცესებში.