ღვთივგანისვენა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა
მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და მკურნალობას ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ გადიოდა.
ღვთივ განისვენა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია).
ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.
მიტროპოლიტი აბრაამი, ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. სოხუმში. 1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1971 წელს, ხოლო 1988 წელს მცხეთის სემინარია დაამთავრა. იმავე წლის 3 იანვარს კი ბერად აღიკვეცა და აბრაამი ეწოდა. 1988 წლის 28 მაისს ბერდიაკვანი აბრაამი მღვდელმონაზვნის ხარისხში აიყვანეს. 1989-1990 წლებში სწავლობდა რეგენსბურგის უნივერსიტეტში.
1992 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და 1996 წლამდე ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი იყო. ამავდროულად, 1993-2003 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი იყო. 1995 წელს კი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა და ეს თანამდებობა 2002 წლამდე ეკავა. 1996-1998 წლებში საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი იყო, რასაც 1998 წელს მთავარეპისკოპოსობა მოჰყვა და გადაყვანილ იქნა ჭიათურის ეპარქიის მმართველად. 2000 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 2002 წელს კი დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი გახდა და დღემდე ამ ეპარქიას ხელმძღვანელობდა.
მიღებული ჰქონდა კონსტანტინოპოლის, საქართველოს, რუსეთისა და რუმინეთის ეკლესიათა ჯილდოები.
2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
