მაია ბითაძის განცხადებით, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია

დღეს 20:27
60
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გელათის სამონასტრო კომპლექსში

პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დასრულდა. სპეციალისტებმა კედლის მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გაამაგრეს და ტაძრის მდგომარეობაზე დაკვირვებას განაგრძობენ.

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. გაწეული სამუშაოების შესახებ მინისტრს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა, მიაწოდა ინფორმაცია.

ამ თემაზე კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია
მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

მაია ბითაძის განცხადებით, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია. ტაძარს, რომელსაც წლების განმავლობაში წყალი და ტენი აზიანებდა, ამჟამად ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს. მინისტრის თქმით, მოზაიკის მდგომარეობაც სტაბილურია. სპეციალისტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მუდმივად აკვირდებიან ტაძრის კონსტრუქციებსა და გარემო პირობებს.

გადაუდებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება. სამუშაოებს სახელმწიფო აფინანსებს და ისინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით მიმდინარეობს. საკონსერვაციო გეგმა საერთაშორისო ექსპერტებმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად შეიმუშავეს.

მინისტრმა დროებით კომიტეტსა და პირადად მამა კირიონს გელათის რეაბილიტაციის ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, გელათის მონასტერს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, რწმენისა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოს, მრავალსაუკუნოვანი მომავალი ჰქონდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მინისტრთან ერთად გელათში იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, მისი პირველი მოადგილე თეა ონიანი და კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ