3 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს ილარიონ დიდს იხსენიებს
წმინდანის კურთხევით პალესტინაში მრავალი მონასტერი დაარსდა, სადაც ღირსი მამა ბერებს ლოცვასა და სამონაზვნო ცხოვრებაში წინამძღვრობდა.
3 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსი ილარიონ დიდის ხსენებას აღნიშნავს. მისი ღვაწლი პალესტინაში სამონაზვნო ცხოვრების განმტკიცებას უკავშირდება. როგორც ეგვიპტეში ღირსი ანტონი დიდი, ისე პალესტინაში ღირსი ილარიონი მრავალი ბერის სულიერი მოძღვარი გახდა.
ღირსი ილარიონი 291 წელს
ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში დაიბადა. სასწავლებლად ალექსანდრიაში გაგზავნილი ყმაწვილი იქ ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. როდესაც ღირსი ანტონი დიდის მოსაგრე ცხოვრების შესახებ შეიტყო, მასთან გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნებულ ილარიონს მშობლები გარდაცვლილები დახვდნენ. მან მთელი ქონება ნათესავებსა და გლახაკებს დაურიგა, თავად კი ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა.
წმინდანის ცხოვრების თანახმად, უდაბნოში ღირსი მამა განსაცდელებს ლოცვით, მარხვითა და შრომით უმკლავდებოდა. ერთხელ თავს ავაზაკები დაესხნენ, თუმცა ღირსმა ილარიონმა თავისი სიტყვით დაარწმუნა ისინი, ცოდვილი ცხოვრება მიეტოვებინათ. უფალმა მას სნეულთა განკურნებისა და არაწმინდა სულების განდევნის ნიჭი მიჰმადლა.
დროთა განმავლობაში ღირს ილარიონთან სულ უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა, რათა მისი ხელმძღვანელობით სამონაზვნო ცხოვრება დაეწყო. ღირსი მამა თავისი კურთხევით დაარსებულ სავანებს მოინახულებდა და ძმობას მოსაგრე ცხოვრების წესის დაცვაში განამტკიცებდა.
სიცოცხლის ბოლო შვიდი წელი ღირსმა ილარიონმა კუნძულ კვიპროსზე, განმარტოებით გაატარა. წმინდანი იქვე, 371–372 წლებში აღესრულა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი - ათენელი ეპისკოპოსი
