29 ოქტომბერს ეკლესია ღირს იოანე ზედაზნელსა და მის მოწაფეთ მოიხსენიებს

29 ოქტომბერი 10:37
90
წმინდა იოანე ზედაზნელი. წმინდა იოანე ზედაზნელი.

ასურელმა მამებმა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებასა და სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

29 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის ხსენებას აღნიშნავს. ესენი არიან: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი.

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ახალგაზრდობიდანვე მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგა და უდაბნოში მოღვაწეობდა. წმინდა მამის ცხოვრება გამოირჩეოდა სიმდაბლით, მარხვითა და განუწყვეტელი ლოცვით. მისი ცხოვრების აღწერილობის თანახმად, უფალმა მას სნეულთა განკურნებისა და ბოროტ სულთა განდევნის ნიჭი უბოძა.

ამ თემაზე 27 ოქტომბერს ეკლესია წმინდა მოწამეთა ხსენებას აღასრულებს
ნაზარის, გერვასის, პროტასისა და კელსის ცხოვრება ქრისტესადმი ერთგულების, მოყვასის მსახურებისა და მოწამებრივი თავდადების მაგალითია.

საეკლესიო გადმოცემით, ღირს იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და საქართველოში თორმეტ მოწაფესთან ერთად გამგზავრება უბრძანა, რათა ქრისტიანული სარწმუნოება განემტკიცებინა. საქართველოში ჩამოსულ მამებს მცხეთასთან მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი შეეგებნენ.

კათოლიკოსის კურთხევით, ღირსი იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. წმინდა მამათა მოღვაწეობამ მრავალი ადამიანი მიიზიდა და ზედაზენი მონაზვნური ცხოვრების მნიშვნელოვან კერად იქცა.

მოგვიანებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მითითებით, ღირსმა იოანემ მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა მხარეში გაგზავნა საქადაგებლად და მორწმუნეთა განსამტკიცებლად. თავად კი ზედაზენზე დარჩა და ილია დიაკონთან ერთად განაგრძო მოღვაწეობა. ასურელმა მამებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამონასტრო კერები დააარსეს, რომლებიც სულიერი და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრებად ჩამოყალიბდა.

ღირსი იოანეს ცხოვრების აღწერილობაში მოთხრობილია მისი ლოცვით ზედაზნის უწყლო მთაზე მაკურნებელი წყაროს აღმოცენების, სნეულთა განკურნებისა და სხვა სასწაულების შესახებ.

აღსასრულის მოახლოებისას წმინდა მამამ მოწაფეები შეკრიბა, დარიგება მისცა, აკურთხა და ანდერძად დაუბარა, იმ მღვიმეში დაეკრძალათ, სადაც მოღვაწეობდა. ღირსი იოანე ზედაზნელის საფლავი ზედაზნის ტაძარში, სამკვეთლოსთან მდებარეობს.

წმინდა ასურელ მამათა სულიერმა მემკვიდრეობამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მათ მიერ დაფუძნებული მონასტრები დღემდე რჩება ლოცვის, მოღვაწეობისა და ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების კერებად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 26 ოქტომბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება აღინიშნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ