თსა-ში აბიტურიენტებისთვის საბუთების მიღება 2 სექტემბრამდე გაგრძელდება
2026-2027 სასწავლო წლისთვის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აბიტურიენტებს ექვს საბაკალავრო პროგრამაზე იწვევს. სწავლება ყველა მიმართულებაზე უფასოა, ხოლო საბუთების მიღება 17 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო საფეხურზე სწავლა ოთხწლიანია და აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთება ექვს სასწავლო პროგრამას შორის შეუძლიათ:
1. თეოლოგია;
2. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა;
3. ქრისტიანული ფსიქოლოგია;
4. საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება);
5. ხატწერა;
6. დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია.
სასწავლებელს გავლილი აქვს ავტორიზაცია, ხოლო გაცემული დიპლომი აღიარებულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
აბიტურიენტებმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. საკმარისია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრაცია და სასწავლებლის მიერ დაწესებული კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.
ჩარიცხვა ასევე ითვალისწინებს შიდა გამოცდებს შემდეგ საგნებში:
* ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები — ზეპირი გამოცდა;
* საქართველოს ისტორია — ზეპირი გამოცდა;
* უცხო ენა — ტესტირება.
ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და საეკლესიო არქიტექტურის მიმართულების არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტები დამატებით ხატვის გამოცდასაც ჩააბარებენ.
აღსანიშნავია, რომ თეოლოგიის პროგრამაზე მიიღებიან მხოლოდ ვაჟები, ხოლო დანარჩენ ხუთ მიმართულებაზე სწავლა შეუძლიათ როგორც ვაჟებს, ასევე ქალებს.
საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის — ატესტატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სასწავლებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
საბუთების მიღება:2026 წლის 17 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
საბუთების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურადაც: [email protected]
შიდა გამოცდები:3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მომავალ სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, უფასოდ მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც თეოლოგიის, ისე ქრისტიანული კულტურის, ხელოვნებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების სფეროში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს.