მიტროპოლიტმა აბრაამმა არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს) მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა
„წლების განმავლობაში შეძლო 14 სამრევლოს ჩამოყალიბება, ადამიანების ეკლესიის წიაღში შეკრება და სამშობლოს სიყვარული ახალ თაობებსაც გადასცა“.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია) არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს), რომელიც 2008 წლიდან დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მსახურობდა, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მიტროპოლიტის განცხადებით, სამშობლოდან შორს, უცხოეთში მოძღვრობა განსაკუთრებულ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან სასულიერო პირს ყოველდღიურად უწევს იმ თანამემამულეების გვერდით დგომა, რომლებიც ხშირად მარტოობისა და სულიერი მხარდაჭერის ნაკლებობის წინაშე დგანან.
როგორც მეუფე აბრაამი აღნიშნავს, არქიმანდრიტმა ანტონმა ეს გამოწვევა დაუღალავი შრომითა და თავდადებული მსახურებით დაძლია. წლების განმავლობაში იგი პარიზსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში არაერთი ქართველისთვის საყვარელ და პატივსაცემ მოძღვრად იქცა.
მიტროპოლიტის შეფასებით, მამა ანტონმა შეძლო 14 სამრევლოს ჩამოყალიბება, მრავალი განბნეული ქართველის ეკლესიის წიაღში შეკრება და მათთვის სულიერი საზრდოს მიწოდება.
მისი ღვაწლი მხოლოდ საეკლესიო მსახურებით არ შემოიფარგლებოდა. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა სამრევლო სკოლა ბავშვებისთვის, ჩამოყალიბდა საეკლესიო გუნდი, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას, ხოლო კონცერტებისა და ფესტივალების მეშვეობით ქართული კულტურა მრავალ უცხოელსაც გაეცნო.
ახლა, მრავალწლიანი პირნათელი მსახურების შემდეგ, არქიმანდრიტი ანტონი დასავლეთ ევროპის ეპარქიას ტოვებს და სასულიერო მოღვაწეობის გასაგრძელებლად საქართველოში ბრუნდება.
მიტროპოლიტმა აბრაამმა მადლობა გადაუხადა მამა ანტონს გაწეული ღვაწლისთვის და უფალს შესთხოვა, აკურთხოს მისი მომავალი მსახურება, სიმტკიცე და ძალა მიმადლოს, რათა კვლავაც ღირსეულად ემსახუროს ღმერთსა და ეკლესიას.
დასასრულს, მეუფე აბრაამმა აღნიშნა, რომ მისი და მთელი ეპარქიის სახელით არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკს ოფიციალური მადლობა ეცხადება მრავალწლიანი ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ასპინძაში სული წმინდის მშენებარე ტაძრისთვის ცხოველსმყოფელი ჯვარი აკურთხეს და გუმბათზე აღმართეს.