საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებმა ალავერდის ტაძარი მოინახულეს

2824
18 ივნისი 20:33
46
საქართველოს და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად ალავერდის ეპარქიას ეწვივნენ. ფოტო: ეპარქიის გვერდი საქართველოს და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად ალავერდის ეპარქიას ეწვივნენ. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოსა და სერბეთის პირველი პირების ოფიციალური ვიზიტი კახეთში მართლმადიდებლური მემკვიდრეობისა და ორმხრივი მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და პირველი ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ორმხრივ დელეგაციებთან ერთად კახეთის რეგიონი მოინახულეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, უმაღლესი რანგის სტუმრები ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. დელეგაციას ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ უმასპინძლა და ისტორიული კომპლექსი დაათვალიერებინა.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთის ხალხებს შორის არსებულ საერთო მართლმადიდებლურ, სულიერ და კულტურულ ფასეულობებზე. აღინიშნა, რომ ალავერდის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის, ერთობლივ მონახულებას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

კახეთში სტუმრობის ფარგლებში საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები, პირველ ლედებთან ერთად, ასევე ეწვივნენ „ბადაგონის“ ღვინის საწარმოს. კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ სტუმრებს ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე საწარმოო პროცესები გააცნო.

ქართული სტუმართმასპინძლობისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ნიშნად, საწარმოში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი საზეიმოდ განთავსდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-სერბეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ორ ერს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისრაელის ელჩს შეხვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ