მართლმადიდებელი ეკლესია 5ივნისს ღირს დამიანე დემეტრეყოფილის ხსენებას აღნიშნავს
დავით აღმაშენებლის ძე, მეფე დემეტრე I — მონაზვნად აღკვეცილი დამიანე, რომლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის სადიდებელი საგალობელი საუკუნეების განმავლობაში ჟღერს ქართულ ეკლესიაში.
5 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს დამიანე დემეტრეყოფილის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანი, რომელიც ისტორიაში მეფე დემეტრე I-ის სახელით არის ცნობილი, დავით აღმაშენებლის რჩეული ვაჟი და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მმართველი იყო.
დემეტრე დაახლოებით 1095 წელს დაიბადა. მისი აღზრდა და განათლება ქვეყნის საუკეთესო სასულიერო, საერო და სამხედრო მოღვაწეების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. დავით აღმაშენებელი განსაკუთრებულად აფასებდა შვილს და მიაჩნდა, რომ იგი სიბრძნით, სიწმინდითა და ახოვანებითაც კი აღემატებოდა მას. სწორედ ამიტომ, 1125 წელს, სიცოცხლეშივე საკუთარი ხელით დაადგა მას სამეფო გვირგვინი.
მომავალი მეფე ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამოირჩა სამხედრო ნიჭით. 1117 წელს დავით აღმაშენებელმა იგი შირვანში სალაშქროდ გაგზავნა, სადაც დემეტრემ წარმატებით ილაშქრა, აიღო ქალაძორის ციხე და გამარჯვებით დაბრუნდა სამშობლოში.
მეფობის პერიოდში დემეტრე I ზრუნავდა ქვეყნის გაძლიერებასა და აღორძინებაზე. მისი ძალისხმევით კვლავ განვითარდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო. თუმცა მოგვიანებით, შვილის — დავითის შეთქმულების შედეგად, დემეტრემ ტახტი დათმო, რათა ქვეყანაში შიდა დაპირისპირება და სისხლისღვრა აერიდებინა.
მან მონასტრული ცხოვრება აირჩია და დავითგარეჯის უდაბნოში ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით. სწორედ ამ პერიოდში შექმნა ღვთისმშობლის სადიდებელი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“, რომელიც დღემდე ქართული საეკლესიო საგალობლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშად მიიჩნევა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დემეტრე იყო არა მხოლოდ წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე, არამედ „მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და სწავლათა გამომთქმელი, შემთხზველი შაირთა“.
მოგვიანებით, უფლის ნებით, დემეტრემ კვლავ დაიბრუნა სამეფო ტახტი და 1157 წელს მოესწრო დავით აღმაშენებლის მიერ აგებული გელათის დიდებული ტაძრის კურთხევას. იმავე წელს იგი გარდაიცვალა და გელათის მონასტერში დაკრძალეს.
საქართველოს ეკლესია წმინდა დემეტრე I-ს, ღირს დამიანე დემეტრეყოფილს, როგორც კეთილმსახურ მეფესა და მოღვაწე ბერს, განსაკუთრებული პატივით იხსენიებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლომისობის დღესასწაულზე ლომისის წმინდა გიორგის მონასტერს ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.