გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის 24-ე საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის რიგით 24-ე საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სახელობის ბაღში გაიმართა.
ღონისძიება ლეგიონის მეთაურმა გიორგი რაზმაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ზღვის უბანში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა. სასულიერო პირმა კურსდამთავრებულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნული ღირებულებების ერთგულების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი, სხვა სასულიერო პირები, ლეგიონის წევრები, რეკრუტები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საზეიმო ცერემონიის ფარგლებში კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, რის შემდეგაც მონაწილეებმა სამომავლო საქმიანობისა და ახალგაზრდული ლეგიონის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან აქტიურად თანამშრომლობს და არაერთ ერთობლივ საგანმანათლებლო, პატრიოტულ და საზოგადოებრივ პროექტს ახორციელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ილია II-ის ხსოვნას მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.