ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა
დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის არჩევისა და აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიაში.
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაცია 16-დან 19 მაისის ჩათვლით საქართველოს ეწვევა. ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მოწვევით გაიმართება და იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ორი ეკლესიის ისტორიულ და სულიერ ურთიერთობებში.
ვიზიტის მთავარი მიზანი ახლადარჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის არჩევისა და აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობაა. ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან სადღესასწაულო საეკლესიო ლიტურგიას და მონაწილეობას მიიღებენ ოფიციალურ შეხვედრებსა და საეკლესიო ღონისძიებებში.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვარნისა და ველიკი პრესლავის მიტროპოლიტი იოანე, ვრაცის მიტროპოლიტი გრიგოლი, ასევე მათი თანმხლები სასულიერო და საეკლესიო პირები.
საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს მრავალწლიანი მეგობრული და ძმური ურთიერთობა აკავშირებთ. ორივე ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართლმადიდებლური ერთობის განმტკიცებასა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვაში. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ბულგარეთის ეკლესიის დელეგაციის ვიზიტიც, რომელიც ხაზს უსვამს ორ ეკლესიას შორის არსებულ პატივისცემასა და თანამშრომლობას.
მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართოს შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები ისაუბრებენ თანამედროვე საეკლესიო გამოწვევებზე, მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ახლადარჩეული პატრიარქის აღსაყდრების ცერემონია განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა როგორც საქართველოს ეკლესიისთვის, ისე მსოფლიო მართლმადიდებლური საზოგადოებისთვის, რის გამოც თბილისში სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური საეკლესიო დელეგაციის ჩამოსვლაა დაგეგმილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახლად არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის სიტყვა.