კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის აღდგენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსს ეწვია და ადგილზე გაეცნო ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია უნიკალური ისტორიული კომპლექსის დაცვა, მისი ავთენტური სახის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
ამ ეტაპზე, ფერისცვალების ეკლესიაში მიმდინარეობს ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა, ინტერიერში კი გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ფენების მოხსნა. ასევე მიმდინარეობს ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და სპეციალური ინექცირების პროცესი, რაც ნაგებობის სიმტკიცის გაზრდას უზრუნველყოფს. უკვე შესრულებულია საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები, ხოლო გუმბათზე მოეწყო სპილენძის ახალი გადახურვა და სარტყელი.
აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიიდან მოიხსნა მცენარეული საფარი, გადაეწყო გალავნის კედელი და ამოღებულია დაზიანებული და მორყეული ქვები. ამჟამად მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის დამატებითი გამაგრების სამუშაოები.
თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა მხარეს და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში. ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, რომ მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“, — განაცხადა კულტურის მინისტრმა.
მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თეა ონიანმა.
იყალთოს საეკლესიო კომპლექსი ქართული კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომლის რეაბილიტაცია მის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ინდოეთში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის მუსიკალური ფესტივალი „ქეთევანი“ გაიმართა.