ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა ლექცია ჩაატარა
პროექტი „ღირებულებითი განათლება სკოლებში“ მოზარდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება.
ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში, პროექტის „ღირებულებითი განათლება სკოლებში“ ფარგლებში, ლექცია ჩაატარა ტაძრის წინამძღვარმა და ამავე სკოლის პედაგოგმა, დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა. შეხვედრა მიეძღვნა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში სწორი ცხოვრებისეული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დედაეკლესიის, სასულიერო პირებისა და მომავალი თაობების ერთობისა და ურთიერთსიყვარულის მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის სულიერი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებს ჩამოუყალიბოს სწორი დამოკიდებულება საკუთარი თავის, სხვა ადამიანების, საზოგადოების და მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, ასევე მოამზადოს ისინი მომავალი ცხოვრებისათვის, როგორც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა განათლების განსაკუთრებული როლი საზოგადოების განვითარებაში. ამ კონტექსტში გაიხსენეს ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის სიტყვები: „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების სულიერ და ზნეობრივ აღზრდას და ამყარებს თანამშრომლობას ეკლესიასა და საგანმანათლებლო სივრცეს შორის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ილია II-ის მიმართვა სამწყსოსადმი დიდმარხვის დაწყების წინ.