მართლმადიდებელი ეკლესია 19 თებერვალს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს
ცამეტ ასურელ მამათაგანი, შიო მღვიმელი საქართველოში მონაზვნობისა და სულიერი ცხოვრების განმტკიცების ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწედ მიიჩნევა.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 თებერვალს ღირს შიო მღვიმელს მოიხსენებს. წმიდა შიო, რომელიც ცამეტ ასურელ მამათაგანი იყო და წარმოშობით ანტიოქიელი გახლდათ, საქართველოში მონაზვნური ცხოვრების განმტკიცებისა და სულიერი მოღვაწეობის ერთ-ერთ უდიდეს მაგალითად ითვლება.
ღვთისმოსავი აზნაურების ოჯახში აღზრდილმა შიომ ბავშვობიდანვე გამოიჩინა განსაკუთრებული სიყვარული საღმრთო წერილის მიმართ. ოცი წლის ასაკში მან დატოვა ოჯახი და უდაბნოში მოღვაწე წმიდა იოანე ზედაზნელთან მივიდა. მოგვიანებით, მშობლების კურთხევის მიღების შემდეგ, ბერად აღიკვეცა და მრავალი წლის განმავლობაში უდაბნოში მოღვაწეობდა, სადაც მორჩილებისა და სულიერი ღვაწლისთვის კურნების ნიჭიც მიიღო.
VI საუკუნეში, წმიდა იოანე ზედაზნელთან და სხვა ასურელ მამებთან ერთად, შიო საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში მან მღვიმე იპოვა და იქ დაიწყო განმარტოებული მოღვაწეობა. გადმოცემის თანახმად, მისი სულიერი ღვაწლისა და ლოცვის შედეგად, მის გარშემო მრავალი მოწაფე და მლოცველი შეიკრიბა, რაც შიომღვიმის მონასტრის დაარსებას დაედო საფუძვლად.
წმიდა შიოს მოღვაწეობას მრავალი სასწაული უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და განსაცდელთა დაძლევაში განამტკიცა. მისი ლოცვით მრავალი ადამიანი განიკურნა, ხოლო უდაბნო მონაზვნური ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. დროთა განმავლობაში მონასტერში მოღვაწე ბერთა რიცხვმა ორ ათასს მიაღწია.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა შიო სრულ განმარტოებაში, მის მიერვე გათხრილ მღვიმეში ცხოვრობდა. მან სიცოცხლის ბოლომდე განაგრძო მარხვა და ლოცვა, ხოლო გარდაცვალების წინ მშვიდად ჩააბარა სული უფალს.
შიო მღვიმელის წმიდა ნაწილები დღესაც შიომღვიმის მონასტერში განისვენებს, რომელიც ქართული მონაზვნობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრად რჩება. ღირსი შიო მღვიმელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიწმინდის, მორჩილების და ღვთისადმი სრული მიძღვნის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითად მიიჩნევა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ეკლესია წმიდა მოწამე აღათიას მოიხსენებს.