ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მიტროპოლიტ დიმიტრის საიუბილეო თარიღები მიულოცა

2824
16 თებერვალი 14:25
23
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) . ფოტო: ეპარქიის გვერდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) . ფოტო: ეპარქიის გვერდი

მღვდლად კურთხევის 40 წლისა და მღვდელმთავრობის 30 წლისთავთან ერთად, ეპარქიამ მეუფეს დაბადების დღეც მიულოცა და მისი მრავალწლიანი საეკლესიო მოღვაწეობა აღნიშნა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) დაბადების დღე, მღვდლად კურთხევის 40 წლისთავი და მღვდელმთავრობის 30 წლის იუბილე მიულოცა.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ვულოცავთ დაბადების დღეს, მღვდლად კურთხევის 40 წელს და მღვდელმთავრობის 30 წლისთავს. ყოვლადმოწყალე უფალმა გაახაროს და გააძლიეროს. კიდევ დიდხანს გეღვაწოთ ღვთისა და ეკლესიის სადიდებლად,“ — ნათქვამია მილოცვაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით ვულოცავთ მიტროპოლიტ დიმიტრის დაბადების დღეს, მღვდლად კურთხევის 40 წლის და მღვდელთმთავრობის 30 წლის თავს. მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას, ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ შოთას ძე შიოლაშვილი, 1961 წელის 16 თებერვალს დაიბადა. 1979 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში.

1985 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 1986 წელს — მღვდლად. სხვადასხვა დროს მსახურობდა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, ალავერდის ტაძარში და ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში.

1989 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 წელს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი გახდა. ასევე წლების განმავლობაში იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის რექტორი.

1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი გამოარჩია ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 წელს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წელს — მიტროპოლიტის ხარისხში. ამავე წელს დამტკიცდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად.

2009 წელს მას დაევალა აშშ-ისა და კანადის ქართული სამრევლოების წინამძღოლობაც. ეპარქიის მართვის პარალელურად იგი ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს და „წმინდა მიწის“ შემსწავლელ სამეცნიერო საზოგადოებას.

მისი მმართველობის პერიოდში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დაარსდა არაერთი ეკლესია-მონასტერი, სასულიერო სასწავლებელი და საქველმოქმედო ორგანიზაცია, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის სულიერი და საგანმანათლებლო ცხოვრების განვითარებაში.

მიტროპოლიტი დიმიტრი დაჯილდოებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის ორდენით (2007).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ