10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს ეფრემ ასურს მოიხსენიებს

10 თებერვალი 12:08
78
ღირსი ეფრემ ასური. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები ღირსი ეფრემ ასური. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

IV საუკუნის დიდი ასკეტის ცხოვრება, სულიერი ღვაწლი და ეკლესიისთვის დატოვებული უძვირფასესი მემკვიდრეობა.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 10 თებერვალს მოიხსენებს ღირს ეფრემ ასურს — სინანულის მოძღვარს, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ქალაქ ნიზიბიაში დაიბადა. წმიდანის მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები იყვნენ და შვილს კეთილმსახურებით ზრდიდნენ, თუმცა ახალგაზრდობაში ეფრემი ფიცხი ბუნებით გამოირჩეოდა, ხშირად ჩხუბობდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა.

ღვთის ნებით, განსაცდელმა იგი სინანულის გზაზე დააყენა — ცრუ ბრალდებით საპყრობილეში ყოფნისას მან ზეციური ხმა მოისმინა, რომელიც გამოსწორებისა და სულიერი გარდაქმნისაკენ მოუწოდებდა. გათავისუფლების შემდეგ ეფრემმა დატოვა საერო ცხოვრება და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი გახდა ცნობილი ასკეტი, ნიზიბიის ეპისკოპოსი იაკობი, რომლის მორჩილებაშიც ღირსი მამა 14 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში იგი ქადაგებდა, ასწავლიდა ბავშვებს და მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზე.

363 წელს, ნიზიბიის სპარსელთა მიერ დაპყრობის შემდეგ, ეფრემ ასური ედესის მახლობლად მდებარე მონასტერში დაემკვიდრა. ასკეტური ცხოვრებისა და საღვთო წერილის დაუცხრომელი შესწავლის პარალელურად, იგი ხალხის სულიერ მოძღვრად იქცა. მისი ქადაგებები განსაკუთრებული ძალით ზემოქმედებდა მსმენელებზე, რადგან დარიგებას ყოველთვის საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი დაუღალავად ამხელდა არიანელთა ერესს და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

ღირსი ეფრემ ასური ავტორია მრავალი ლოცვისა და საგალობლისა. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის ცნობილ ლოცვას — „უფალო და მეუფეო“, რომელიც დიდმარხვაში იკითხება და მორწმუნეებს სინანულისა და სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე დიდ პატივს მიაგებდა მის ნაშრომებს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და ლიტურგიულ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენებოდა.

სიმდაბლით გამორჩეულმა წმიდანმა უარი თქვა მღვდელმთავრობაზე და სიცოცხლის ბოლომდე დიაკვნად დარჩა. შიმშილობის დროს ედესაში მან შეძლო მდიდრების გაერთიანება გლახაკთა დასახმარებლად და დავრდომილთათვის თავშესაფრის აგება. სიცოცხლის ბოლო წლები ღირსმა მამამ განმარტოებით, გამოქვაბულში გაატარა, სადაც მშვიდობით მიიცვალა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ ბოლნელ მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე მიულოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ