მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქ ჯანდიერიშვილს
სიმდაბლით, ლოცვითა და სასწაულთმოქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი, რომელმაც ეკლესიის მშვიდობისათვის საკუთარი ნებით დატოვა კათოლიკოსის ტახტი.
30 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქ ჯანდიერიშვილს — XVIII საუკუნის გამორჩეულ მოღვაწეს, რომელმაც სიცოცხლე მსახურებასა და მორჩილებას მიუძღვნა. იგი მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში და „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ რუსთავის კათედრაზე მღვდელმთავრად დადგინდა.
წმიდა იოსებს ღვთისგან სასწაულთმოქმედების ნიჭი ჰქონდა ბოძებული. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით ისე დასნეულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. მღვდელმთავარი ლოცვითა და თავმდაბლობით მიუდგა სნეულს — ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის კვერთხის ნაჭერი, წყალში გააცივა, ჯვარი გადასახა და ავადმყოფს დაალევინა. დიაკონი იმ წამსვე განიკურნა და მესამე დღეს სრულიად გამოჯანმრთელდა.
1755 წელს წმიდა იოსები ანტონ I-ის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მიუხედავად მაღალი ტახტისა და პატივისა, იგი რჩებოდა უდიდეს ასკეტ ბერად — დღე და ღამე ლოცვით ატარებდა და თავმდაბლობის ნიმუშად იქცა. როგორც იოანე ბატონიშვილი წერს:
„კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი.“
1764 წელს წმიდა იოსებმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის სიმდაბლით დატოვა კათოლიკოსის ტახტი და ახმეტაში განმარტოვდა. იქ იგი ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობდა — საკუთარ ხელით ამუშავებდა ვენახს, მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. ამბობდნენ, რომ მის ლოცვებზე იმ მხარეში არც გვალვა იყო და არც სეტყვა აზიანებდა მოსავალს.
წმიდანი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, ბრმებს თვალთა სინათლეს აძლევდა და ხალხის უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. წმიდა გაბრიელ მცირე (ხსენება — 17 მარტს) თავის ნაწერებში სიხარულით აღნიშნავს, რომ „ერთგზის იხილა და ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმიდასა“.
წმიდა იოსები კათოლიკოს-პატრიარქი 1770 წელს სიწმიდითა და ლოცვით აღესრულა და სული თავისი ღმერთს შეავედრა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხენებს რწმენაში უტეხ დედოფალს.