მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ასევე იხსენებს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავს
მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის უშუალო მოწმე, რომელმაც ქრისტე ღვთის ძედ აღიარა და სიცოცხლე რწმენისთვის შესწირა.
მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს აღნიშნავს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავის ხსენებას — იმ რომაელი მეომრისას, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმისას გოლგოთაზე დადგმული საგუშაგოს მეთაური იყო და საკუთარი თვალით იხილა იესო ქრისტეს წამება, სიკვდილი და აღსრულებული სასწაულები.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, სწორედ ლონგინოზი იყო ის მხედარი, რომელმაც ჯვარზე მყოფ მაცხოვარს ლახვარი უგმირა და მისგან გადმოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალები განიკურნა. ამ გამოცდილებამ შეძრა მეომრის სული და იგი საჯაროდ აღიარა ქრისტე, როგორც „ჭეშმარიტად ძე ღმრთისა“ (მთ. 27,54).
მაცხოვრის დაკრძალვის შემდეგ, ლონგინოზი და მისი რაზმი უფლის საფლავის მცველებად დაინიშნენ და თავად შეესწრნენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. იუდეველებმა მცველები მოისყიდეს, რათა ეთქვათ, თითქოს ქრისტეს ცხედარი მოწაფეებმა მოიპარეს, მაგრამ ლონგინოზი და მისი ორი თანამებრძოლი უარზე დარჩნენ — მათ ოქროს არ დაუხრიათ თავი და ჭეშმარიტება არ უარყვეს.
მოციქულთა ხელით მონათლული ლონგინოზი სამხედრო სამსახურს განეშორა და თავის სამშობლოში, კაბადოკიაში, დაბრუნდა სახარების ქადაგებით. მისი ქადაგება მრავალი ადამიანის მოქცევის მიზეზი გახდა. იუდეველთა ჩაგონებით პილატემ მისი დასასჯელად მეომრები გაგზავნა. წმინდანმა, რომელმაც იცოდა სიკვდილის მოახლოება, სტუმრებს თავად მიეგება და ქრისტესადმი ურყევი რწმენით თავგანწირულად მიიღო წამება — მას და მის თანამებრძოლებს თავი მოჰკვეთეს.
წმინდანთა ცხედრები დაკრძალეს, მათი თავები კი პილატეს მიაწოდეს, რომელმაც ისინი ნაგავსაყრელზე მოისროლა. მოგვიანებით, ერთ ბრმა ქალს სიზმარში წმიდა ლონგინოზი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი თავი მოეძებნა. ქალი იერუსალიმში ჩავიდა, ნაგავსაყრელზე მიიყვანეს და როცა სიწმიდეს შეეხო, მხედველობა დაუბრუნდა. მადლიერმა ქალმა წმინდანის თავი კაბადოკიაში წაასვენა და პატივით მიაბარა მიწას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 29 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია ზენონ იყალთოელს იხსენიებს.