ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მიტროპოლიტ გერასიმეს მღვდელმთავრად კურთხევის 28 წლის იუბილეს აღნიშნავს

11 ოქტომბერი 2025 12:47
264
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტ გერასიმე (შარაშენიძე) — 28 წელია მართავს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ღვთისადმი ერთგულებითა და სიყვარულით.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს მის მაღალყოვლადუსამღვდელოეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მღვდელმთავრად კურთხევიდან 28 წლის იუბილეს.

„მართლაც დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი“ — ამ სიტყვებით იწყება ეპარქიის მილოცვა, სადაც ხაზგასმულია მეუფე გერასიმეს მრავალწლიანი სამწყემსო მოღვაწეობა და ერთგული მსახურება ეკლესიისა და სამშობლოს მიმართ. ეპარქიის განცხადებით, 28 წლის წინ, 1998 წლის 11 ოქტომბერს, აღსრულდა ღვთის ნება, როცა მეუფე გერასიმე მღვდელმთავრად კურთხევით შეიქმნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერი წინამძღვარი.

მეუფე გერასიმეს, ერისკაცობაში გიორგი შარაშენიძე, დაიბადა 1958 წლის 20 მაისს თბილისში. განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ისე მოსკოვში, ხოლო 1990-იან წლებში დაეწაფა სასულიერო ცხოვრებას.

1997 წელს აღიკვეცა ბერად, მიიღო სახელი გერასიმე, ხოლო უკვე 1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად. შემდგომ წლებში დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოსა და საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარედ.

მეუფე გერასიმე 2007 წლის 3 ივნისს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. იგი დღემდე ხელმძღვანელობს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას და წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ გამორჩეულ იერარქს.

მიტროპოლიტი გერასიმე დაჯილდოებულია საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენებით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ულოცავს მის მაღალყოვლადუსამღვდელოეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მღვდელმთავრად კურთხევიდან 28 წლის იუბილეს. ღმერთმა მრავალი წელი მისცეს მეუფე გერასიმეს — საქართველოს ეკლესიის ერთგულ და ქველმოქმედ მღვდელმთავარს.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ