ეროვნულ არქივში დოკუმენტური ფილმის „ნაზარის წერილები“ ჩვენება გაიმართა
ფილმმა ნიუ-იორკის ONIROS FILM AWARDS 2025-ის კინოფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ეროვნულ არქივში გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის — „ნაზარის წერილების“ ჩვენება გაიმართა. ფილმი 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის ტრაგიკულ ბედს ასახავს, მათ შორის ქუთათელი მიტროპოლიტის — ნაზარის ისტორიას.
დოკუმენტურმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — ნიუ-იორკის ONIROS FILM AWARDS 2025-ის კინოფესტივალზე ფილმმა მეორე ადგილი დაიკავა.
პროექტის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ხოლო მისი განხორციელება ტელეკომპანია „იმედმა“ უზრუნველყო.
ფილმის ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა, უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს, რომლის დაცვა და საზოგადოებისთვის გაცნობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
მინისტრის თქმით, „ნაზარის წერილების“ უკან დიდი შრომა და სიღრმისეული კვლევა დგას, რაც საშუალებას აძლევს მაყურებელს, ახლოს გაეცნოს ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, თუმცა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს. თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა გოდერძი შარაშიასა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს მაღალი დონის და საერთაშორისო აღიარების ღირსი პროექტის შექმნისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“ სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას დაესწრო.