წმინდა ექვთიმე ათონელის ღვაწლი
წმინდა ექვთიმე ათონელი გახლდათ იმ დროისათვის ცნობილი პიროვნების იოანე
ათონელის, იგივე იოანე ვარაზ-ვაჩეს შვილი, მოღვაწისა, რომელმაც უარი თქვა საკუთარ
ოჯახზე, ფეოდალურ უპირატოსებებზე, რეგალიებზე და სამოღვაწეოდ გაეშურა წმინდა
მთაზე.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ეკლესიის ისტორიაში სრულიად
გამორჩეული ღვაწლით ბრწყინავს ათონის წმინდა მთის მნათობი, ივერთა ქართული
მონასტრის წინამძღვარი ღირსი ექვთიმე ათონელი. მისი ღვაწლი იმდენად
მასშტაბურია, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას: მან განსაზღვრა განვითარების ის
ვექტორი, რომლითაც ქართულმა ეკლესიურმა აზროვნებამ, კულტურამ და
მწიგნობრობამ ოქროს ხანამდე მიაღწია.
წმინდა ექვთიმე ათონელი გახლდათ იმ დროისათვის ცნობილი პიროვნების იოანე
ათონელის, იგივე იოანე ვარაზ-ვაჩეს შვილი, მოღვაწისა, რომელმაც უარი თქვა საკუთარ
ოჯახზე, ფეოდალურ უპირატოსებებზე, რეგალიებზე და სამოღვაწეოდ გაეშურა წმინდა
მთაზე. მისი შვილი, პატარა ექვთიმე კი პოლიტიკური ვითარების გამო, კონსტანტი-
ნოპოლში მძევლად აღმოჩნდა. მამამ, რომელიც იმხანად უკვე ათონზე მოღვაწეობდა,
დიდი ძალისხმევით დაიხსნა შვილი და თან, წმინდა მთაზე წაიყვანა. როგორც ღირს
მოღვაწეთა ცხოვრების აღმწერელი წმინდა გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს,
ექვთიმე ათონზე მისვლისას მძიმედ დასნეულებულა, მას წყალმანკი აღმოაჩნდა.
იმდენად რთული აღმოჩნდა მისი მდგომარეობა, რომ მამას გადარჩენის იმედიც კი
გადაეწურა. თუმცა, ჩანს „უძლურთა მკურნალ და ნაკლულევანთა აღმავსებელ“
ღმერთს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა მის მიმართ და აი, ათონის მთისა და მთელი
საქრისტიანოს მფარელი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეცხადება ექვთიმეს და
საკვირველ კურნებას ანიჭებს მას. როგორც აღმოჩნდება, ღვთის დედისგან კურნება არა
მხოლოდ ექვთიმეს ხორცს შეეხო, არამედ მის გონებასაც, რადგან ღირსი მამა, რომელიც
ქართული ენის უცოდინარი იყო, ამ საკვირველი ჩვენების შემდეგ, მშობლიური ენის
უბადლო მცოდნე შეიქმნა. სწორედ ეს მომენტი გახდა გარდამტეხი. ღვთისმშობლისგან
ბოძებულმა ამ ნიჭმა განსაზღვრა ექვთიმეს მომავალი - ის ჩამოყალიბდა უდიდეს
მწიგნობრად და მთარგმნელად, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ენისა და
კულტურის გამდიდრებას მიუძღვნა.
ღირსი ექვთიმე, მამასთან და იოანე-თორნიკესთან (ცნობილ სარდალთან) ერთად,
გახდა ათონის მთაზე ივერონის (ქართველთა) მონასტრის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ივერონის მონასტრის მუზეუმში დღემდე ინახება იმპერატორის ბეჭდით
დამოწმებული სიგელები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ღირსმა ათანასე ათონელმა
სწორედ ქართველებს გადასცა ათონის მთაზე ის მიწები, სადაც ახლა ქართველთა
სავანეა დაფუძნებული. სწორედ ივერონი იქცა უმნიშვნელოვანეს კულტურულ-
საგანმანათლებლო კერად, სადაც საუკუნეების განმავლობაში იჭედებოდა ქართული
ინტელექტუალური აზრი.
თუკი არსებობს ადამიანი, ვისაც "ტიტანური შრომა" შეეფერება, ეს ექვთიმეა.
მანამდე ქართული საეკლესიო ლიტერატურა საკმაოდ მწირი იყო. ექვთიმემ მიზნად
დაისახა, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა ყველაფერი, რაც კი იმ დროისთვის
ქრისტიანულ სამყაროში ფასეული იყო: წმინდა წერილში შემავალი წიგნები; წმინდა
მამათა (ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვ.)
საღვთისმეტყველო და ასკეტური თხზულებები; ლიტურგიკული და კანონიკური
წიგნები. მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წმინდა ექვთიმე მხოლოდ ბერძნულიდან
ქართულად კი არ თარგმნიდა, არამედ პირიქითაც. სწორედ მან თარგმნა ცნობილი
ნაწარმოები "სიბრძნე ბალავარისი" ბერძნულ ენაზე. ამ თარგმანის წყალობით ეს
ნაწარმოები მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა და დასავლურმა სამყარომ
გაიცნო.
წმინდა ექვთიმე ათონელის ცხოვრებაში ივერონის (ქართველთა) მონასტრის
წინამძღვრობა უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბუნებით
იგი განმარტოების მოყვარული, ასკეტი ბერი და მეცნიერი იყო, რომელსაც მთელი დრო
წიგნებზე მუშაობისთვის სურდა დაეთმო, უფლის ნებითა და ძმათა თხოვნით, მას
მოუწია უდიდესი ადმინისტრაციული და სულიერი პასუხისმგებლობის საკუთარ
თავზე აღება. ივერონის მონასტრის პირველი წინამძღვარი ექვთიმეს მამა - წმინდა იოანე
ათონელი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში იოანე მძიმედ ავადმყოფობდა და საწოლს
მიეჯაჭვა. მან ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეშივე სთხოვა ექვთიმეს, ჩაებარებინა
მონასტრის მართვა. მამის მორჩილებამ და ძმათა დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა, ეს
ტვირთი ეტვირთა და იოანეს გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1005 წელს, იგი
ოფიციალურად გახდა ივერონის მეორე წინამძღვარი.
ექვთიმეს წინამძღვრობის დროს ივერონი არ იყო მხოლოდ ქართველთა
საყუდელი. იქ მოღვაწეობდნენ ბერძნები, მართლმადიდებელი სომხები და სხვა
ეროვნების წარმომადგენლებიც. მას უდიდესი სიბრძნე დასჭირდა იმისათვის, რომ ამ
მრავალეროვან ძმობაში მშვიდობა, სიყვარული და მკაცრი სამონასტრო დისციპლინა
შეენარჩუნებინა. როგორც წინამძღვარი, ექვთიმე უპირველესად ბერების სულიერ
წინამძღოლობაზე ზრუნავდა. იგი თავად იყო მაგალითი სათნოებისა, სიმშვიდისა და
თავმდაბლობისა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა როგორც
ბიზანტიის საიმპერატორო კარზე, ისე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, რიგით
ბერებზე მეტად შრომობდა. იგი აკონტროლებდა მონასტრის ყოველდღიურ ყოფა-
ცხოვრებას. საკვირველია როგორ ახერხებდა ღირსი მამა ერთდროულად ყოფილიყო
უზარმაზარი მონასტრის ხელმძღვანელი და ამავე დროს გაეგრძელებინა თავისი
ტიტანური მთარგმნელობითი საქმიანობა.
ექვთიმე ათონელი დღემდე უდიდეს ავტორიტეტად ითვლება წმინდა მთაზე.
იშვიათად მოიძებნება მონასტერი, სადაც ღირსი მამის ფრესკა არ იყოს ისეთი
მოღვაწეების გვერდით, როგორებიც არიან ათანასე ათონელი, პეტრე ათონელი, ონოფრე
ათონელი, პავლე ქსიროპოტამელი და სხვა. სამართლიანად მიიჩნევა იგი, როგორც
ათონის წმინდა მთის სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან
ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ის დავალებით შეადგინა ათონის მთის მეორე
წესდება - „ტიპიკონი“, რომელიც აწესრიგებდა ურთიერთობებს სხვადასხვა
მონასტრებს შორის, ადგენდა ბერების ცხოვრების წესს, უფლებებსა და მოვალეობებს.
ამით ექვთიმემ უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა როგორც ბერძნულ სამონასტრო
წრეებში, ისე იმპერატორის კარზე.
14-წლიანი თავდადებული მოღვაწეობის შემდეგ, ექვთიმემ იგრძნო, რომ ასაკი და
გადაღლილობა თავისას შვებოდა, ხოლო წიგნებზე მუშაობის სურვილი
კვლავინდებურად ძლიერი იყო. 1019 წელს მან ნებაყოფლობით დატოვა წინამძღვრის
პოსტი და ეს თანამდებობა თავის უახლოეს მეგობარსა და ნათესავს, წმინდა გიორგი
მაშენებელს (გიორგი ივერიელს) გადააბარა.
ღირსი ექვთიმე ათონელის გარდაცვალება ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება:
ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ ღირსი მამა ექვთიმე კონსტანტინოპოლში
იხმო, რომ მას თავისი სიბრძნით და ავტორიტეტით გადაეჭრა ათონის მონასტრებს
შორის არსებული დავა. დედაქალაქში ჩასული ექვთიმე, თავისი ჩვეული
თავმდაბლობით, ვირზე ამხედრებული გადაადგილდებოდა. გზად მას შემოეყარა ერთი
გლახაკი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. წმინდანმა მასთან მიახლოება და დახმარება
მოისურვა, თუმცა მისი ვირი უცნაური ადამიანის დანახვაზე დაფრთხა და გვერდზე
გადაიხარა. ღირსი ექვთიმე უნაგირიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. დაცემის
შედეგად მიღებული დაზიანებები მოხუცი ასკეტისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მან
რამდენიმე დღე იცოცხლა, დალოცა თავისი მოწაფეები, მონასტერი და მშვიდობით
მიაბარა სული უფალს 1028 წლის 13 მაისს (საეკლესიო/ძველი სტილით).
თავდაპირველად იგი კონსტანტინოპოლში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში
დაკრძალეს. თუმცა, მოგვიანებით, ივერონის ბერებმა მისი წმინდა ნაწილები დიდი
პატივით გადაასვენეს ათონის მთაზე და დაკრძალეს ივერონის ღვთისმშობლის
მიძინების ტაძარში, მამის - იოანე ათონელის გვერდით.
ექვთიმე ათონელის წმინდა ცხოვრების აღმწერელი ღირსი გიორგი მთაწმინდელი
ამგვარად განადიდებს მას: „იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ევთვიმი სახითა
მყუდრო და გონებითა წრფელ და მდაბალ და სულითა განათლებულ და წმიდა
და გუამითა ძლიერ საღმრთოთა შინა საქმეთა და მოღუაწებათა. ხოლო სიწმიდე და
ქალწულებაჲ შეუხებელი და უბიწოჲ დაემარხა, ვითარცა ანგელოზსა ღმრთისასა და
ცათა შინა მყოფსა. ხოლო თარგმანებაჲ წიგნთაჲ აქუნდა ნამეტნავად ყოველთა
სათნოებათა და გვირგვინად და განმანათლებელად ნათესავისა ჩუენისა“.
ექვთიმე ათონელის ხსენება ივერონის მონასტერში განსაკუთრებული ზეიმით
აღინიშნება. ფაქტობრივად, პორტაიტისას ღვთისმშობლის ხატთან ერთად, ღირსი მამის
სახსენებელი დღე სავანის მთავარი დღესასწაულია, რომლის დროსაც მთელი მთის
მონასტრებიდან იკრიბებიან ბერები და განადიდებენ წმინდა მამის სახელს და
ევედრებიან მას: „ჰოი, წმიდაო და ღმერთ-შემოსილო მამაო ეფთვიმე, შეგვიწყალენ
მონანი ესე შენნი, მწირნი და გლახაკნი, უცხოებასა ამას და გვითხოვე შენდობაჲ
შეცოდებათა ჩუენთა აურაცხელთა დღესა მას განკითხვისასა და ამას ცხორებასა
დაგვიცვენ საბრხეთაგან ეშმაკისათა და მზაკუვარებათაგან კაცთაჲსა, ამინ.“