ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სამლოცველო
„მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“ საცხოვრებელ კორპუსში მოწყობილ სამლოცველოს ესტუმრა.
2025 წლის 19 ნოემბერს „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“ დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სამლოცველოს ესტუმრა. ეს სულიერი სივრცე 2005 წელს მიშო ტყებუჩავამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, მეგობრებთან ერთად მოაწყო.
კარის გაღებისთანავე სტუმრები სრულიად სხვა სამყაროში შედიან: კედლებზე გაკრულია ქართველი წმინდანების, მეფეების, პატრიარქების, მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ფოტოები და ბიოგრაფიები.
მიშო ტყებუჩავა იხსენებს:
„ეხლა ვართ ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სამლოცველოში, რომელიც 2005 წელს მეუფე გერასიმემ აკურთხა. მე თვითონ მომერიდა და როდესაც მითხრა, როგორც ამ ყველაფრის შემქმნელს შეგიძლია დაასახელოო, პირველი ვინც აზრად მომივიდა ეს იყო ექვთიმე ღვთისკაცი, რადგან ის ჩემი ადამიანობის და ცხოვრების იდეალია. მთელი ცხოვრება მინდა, რომ მივემსგავსო მას და მისნაირად ვიცხოვრო.
ამის შემდეგ გვერდით გაიხსნა ილია მართლის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელიც ეხლა არის განახლების პროცესში და უკვე იქ იქნება სასულიეროთემატიკის წიგნები, და შუაში გაიხსნა ყოვეთა წმინდათა საქართველოს მუზეუმი, სადაც არის პატარა საქართველო წარმოდგენილი და ის გამოხატავს როგორც „მამული, ენა, სარწმუნოებას“ და როგორც უწმინდესმა ბრძანა „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, რაც მთლიანად გადმოსცემს მთელ სამაროში მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრების არსსა და წესს.
მემგონი, ყველაფერი წარმოჩენილი არის ისე, როგორც არსებობს, და მე არავინ არ ვარ ამ შემთხვევაში — უფლისგან არის ეს ყველაფერი, და მან, რაც მიკარნახა, როგორც რიგითმა „მებაღემ“, რაღაც პატარა ყვავილი ჩავრგე აი ამ ბაღში.“
მომღერალი და მომლოცველი კატო ვერხვიაშვილი ამბობს:
„პირველად აქ რამდენიმე წლის წინ ვიყავი და პირველივე ჯერზე იმხელა შთაბეჭდილება დატოვა, რომ შეუძლებელია ემოციების გარეშე შემოხვიდე. უყურებდე ჩვენს გაცოცხლებულ წარსულს, ჩვენი ქვეყნისას. ეს რეფორმირებული ვერსია, რაც დღეს ვნახე, ძალიან შთამბეჭდავია.
ყველა ქართველს და არამარტო ქართველს ვურჩევ, რომ მოვიდეს და დაათვალიეროს ეს სივრცე, რადგან გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პატარა მუზეუმია. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება აქვს აქ კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, რომ ყოველდღე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს და სამლოცველოში ილოცონ.
მიშო ტყებუჩავა ჩემი დიდხნის მეგობარია, საოცარი ადამიანია და ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასზე. ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი მაგალითი ყოფილიყო თბილისში და სრულიად საქართველოში, რადგან ამაზე ფანტასტიკურს ვერაფერს დავუტოვებთ მომავალ თაობას.“
საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ადამიანები მადლიერები არიან სამლოცველოს არსებობით. ერთ-ერთი მაცხოვრებელი აღნიშნავს:
„ყოველ დილას, როდესაც სამსახურიში მივდივარ, სამლოცველოში ვევედრები უფალს წარმატებული დღე მომცეს. ღვთის მადლით ყოველთვის მშვიდობიანი დღე მაქვს, ხოლო სახლში მოსვლისას მადლობას ვუხდი მშვიდობიანი დღისთვის.“
ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი სამლოცველოები არა მხოლოდ სულიერ თავშესაფარს ქმნის, არამედ ხელს უწყობს ეროვნული და კულტურული ცნობიერების გაძლიერებას. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სამლოცველო, ილია მართლის ბიბლიოთეკა და ყოვეთა წმინდათა საქართველოს მუზეუმი წარმოადგენს ერთიან სივრცეს, სადაც ადამიანები სამშობლოს, სარწმუნოებასა და ოჯახს ერთიანად ემსახურებიან.