საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს

"ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოება
საქართველოს საპატრიარქოში, 15 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სასულიერო და საერო პირები, პედაგოგები და პროგრამის მონაწილეები.
დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული „ღირებულებითი განათლების“ პროექტი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს და ახალგაზრდებში სულიერი, ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ფასეულობების განმტკიცებას ემსახურება.
მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ხშირად ეჭვქვეშ დგება ტრადიციული ზნეობრივი ღირებულებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდებისთვის მყარი სულიერი და მორალური საფუძვლების შექმნას. მისი თქმით, ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ პასუხისმგებლობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, პატრიოტიზმისა და მოყვასზე ზრუნვის პრინციპებით იხელმძღვანელოს.
სიტყვით გამოსვლისას მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნდობამ და მხარდაჭერამ პროექტის გაფართოებისა და გაძლიერების შესაძლებლობა შექმნა. მან ასევე ისაუბრა პროგრამის დადებით შედეგებზე, რომლებიც სასკოლო გარემოში ჯანსაღი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში აისახება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის გაძლიერებაში.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს იმ თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენთ. თქვენი საქმიანობა სცილდება არაფორმალური განათლების ფარგლებს – თქვენ ახალგაზრდებისთვის ხართ მრჩევლები, მხარდამჭერები და მისაბაძი ადამიანები“, – განაცხადა მინისტრმა.
დამსწრეებს ასევე მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ როგორც სასულიერო პირები, ისე მოსწავლეები. სასულიერო პირებს სიგელები ახალგაზრდების სულიერ და ზნეობრივ აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პროგრამის განვითარების ხელშეწყობისთვის გადაეცათ, ხოლო მოსწავლეები კლუბების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისა და მიღწევებისთვის დაჯილდოვდნენ.
„ღირებულებითი განათლების“ პროგრამა დღეს საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში ხორციელდება, სადაც 175 კლუბი ფუნქციონირებს. პროგრამაში ჩართულია 4 375 მოსწავლე. ინიციატივა ასევე ვრცელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ახალგაზრდებზე.
პროექტის შემდგომი გაფართოების მიზნით უკვე გადამზადებულია 129 სასულიერო პირი, რომლებიც 2026 წლის სექტემბრიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ახალ კლუბებს გახსნიან. საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, პროგრამის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლება და ჩამოყალიბდეს პასუხისმგებელ და აქტიურ მოქალაქედ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოსა და სერბეთის პირველი ლედები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.
წაიკითხეთ ასევე
გრძელდება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ ზარაგულაში საღვთო ლიტურგია აღასრულა, ქვედა ლუხვანოში მოსახლეობას შეხვდა, ხოლო ზედა ლუხვანოში მშენებარე ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში
მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის უცხოური ენების კათედრის წევრებმა საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინა გამართეს.
ფერისცვალების სამრევლო სკოლაში დეკანოზ ბორის ნიჩიპეროვიჩს შეხვდებიან
შეხვედრის თემა იქნება „წმინდა გრიგოლ ხანძთელიდან დავით აღმაშენებლამდე“.
1 ოქტომბერს ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავთა ხსენების დღე აღინიშნება
წმინდა მოწამეებმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა XVII საუკუნეში ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის მოწამეობრივი აღსასრულით დაამოწმეს ერთგულება.
რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება
ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.